ბათუმს, 2026 წლის ბოლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ექნება

ქუჩის ძაღლები

2026 წლის ბოლოს, ბათუმს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ექნება. ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა.

მისივე განცხადებით, რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, ციტრუსის სეზონიც მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა, რაც შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგია. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის მიმართულებაზეც. აღინიშნა, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი აქტიურ ფაზაშია და ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია.

"2026 წლის ბოლოს, ჩვენ უკვე გვექნება ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი, რაც ყველას მოგვეხსენება, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. დადებითი დინამიკა გვაქვს ვიზიტორების მიმართულებით, ასევე დადებითი დინამიკა გვაქვს სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმროების მიმართულებით. ახლა მივიღე გადაწყვეტილება, რომ 100 წლის და კიდევ მეტი ასაკის ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება გავზარდოთ 5000 ლარამდე და 2026 წელს, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები უკვე მიიღებენ მატერიალურ დახმარებას,“ - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.