ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება

ბაქო-თბილისის მატარებელი

პირველი ნოემბრიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტზე ყოველდღიურად ოთხი რეისი შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შედეგად სამგზავრო ადგილების რაოდენობა 386-დან 564-მდე, ანუ თითქმის 50%-ით გაიზრდება.

ბაქოდან თბილისამდე ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ღირებულება 54 მანათი იქნება, ევლახიდან – 44 მანათი, განჯიდან – 41 მანათი, აღსტაფადან – 38 მანათი, ბოიუკ-ქესიკიდან კი – 36 მანათი. შედარებისთვის, ამჟამად Stadler-ის ვაგონებით ბაქოდან თბილისამდე მგზავრობის მინიმალური ფასი 77,50 მანათია, განჯიდან კი – 56,80 მანათი.

დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მგზავრებს როგორც ღამის, ისე დღის რეისებით სარგებლობა შეეძლებათ.

ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მოქმედი მატარებელი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 23:00 საათზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 11:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში 20:26 საათზე ჩავა.

ახალი რეისი ბაქოდან ყოველდღიურად 09:10 საათზე გავა და თბილისში 19:11 საათზე ჩავა. საპირისპირო მიმართულებით მატარებელი 22:00 საათზე გაემგზავრება და ბაქოში მეორე დღეს 07:57 საათზე ჩავა.

ბილეთების ონლაინ შესაძენად მგზავრებმა ADY-ის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში პირადი ანგარიში MyGov ID-ის მეშვეობით უნდა დაადასტურონ, ამისთვის კი FIN კოდი უნდა შეიყვანონ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიუთითონ თავიანთი ქვეყანა და ტელეფონის ნომერი.

✕