ბაკურიანში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია - კურორტი ფესტივალ "გიზ-გიზს" მასპინძლობს

ზამთრის თეთრი ზღაპარი - ბაკურიანი და გუდაური

თოვლი, სრიალი, მუსიკა და თავგადასავლები - ბაკურიანში ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გართობისა და სპორტის მოყვარულებისთვის კურორტზე ყველა პირობაა შექმნილი, რის გამოც ბაკურიანი წელსაც, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება.

სადღესასწაულო განწყობას ბაკურიანში მრავალფეროვანი ღონისძიებები ქმნის. დღეს, კურორტი ფესტივალ "გიზ-გიზს" მასპინძობს. მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, კვების ზონები - პროგრამა ყველა ასაკსა და გემოვნების ვიზიტორზეა გათვლილი. ფესტივალის მთავარი გზავნილია - "ზამთრის ცივი დღეები, თბილი ემოციებით გავათბოთ".

ზამთრის სეზონის გახსნის დღიდან, განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას ეთმობა. მოთხილამურე პატრულები ინტენსიურ რეჟიმში და გაზრდილი შემადგენლობით პატრულირებენ. პარალელურად, გაზრდილია მობილობა საავტომობილო გზებზეც, სადაც გადაადგილებას საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები უწევენ მეთვალყურეობას.

ახალ სეზონზე ბაკურიანი განახლებული ინფრასტრუქტურითა და სიახლეებით შეხვდა. პირველად ამოქმედდა "პანორამა ფუნიკულიორი", რომელიც ვიზიტორებს ზამთრის პეიზაჟების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. სრულად მუშაობს სამივე სასრიალო არეალი - დიდველი, კოხტა და მიტარბი.

ზამთრის კურორტზე 12 საბაგირო ფუნქციონირებს, სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე კი 36 კილომეტრია.

სინოპტიკოსები ბაკურიანში თოვლიან იანვარს პროგნოზირებენ. სწორედ ამიტომ, როგორც დამსვენებლებს, ისე ადგილობრივებს აქვთ მოლოდინი, რომ აქტივობა მაღალი დარჩება და კურორტი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.