1744059571
ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2025“ იმართება

ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2025“ იმართება. ღონისძიებაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მონაწილეობს.
ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა. ფერიცვალების სახელობის ტაძარში უკვე შესრულდა საზეიმო ლიტურგია.
დოღს ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღესვე მოხდება დოღში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ორგანიზატორების განცხადებით, ტრადიციული დოღისა და სახალხო დღესასწაულის მოწყობა ტურიზმის ხელშეწყობასა და კურორტ ბახმაროს განვითარებას ისახავს მიზნად. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი და მოეწყობა ფოიერვერკი.
ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.