დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ბაღდათის, სამტრედიის, ხონის და ვანის მოსახლეობასთან ქუთაისის და სამტრედიის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
პროკურორები ბაღდათის, სამტრედიის, ხონის და ვანის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს, პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას და დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.
საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.