არიან თუ არა ბავშვები უცოდველნი? - მამა თეოდორე გიგნაძის განმარტება

ბავშვები

განმარტავს მამა თეოდორე გიგნაძე არიან თუ არა ბავშვები უცოდველნი.

„ქრისტიანობაში ცოდვის სამი გაგება არსებობს. პირველი, როდესაც ადამიანი ჩადის არასწორ, სინდისის საწინააღმდეგო დანაშაულებრივ ქმედებას ღვთისა და მოყვასის წინაშე. ამგვარი გაგებით, რა თქმა უნდა, ბავშვები პიროვნულად უცოდველნი არიან. მეორე გაგება ცოდვისა, ეს არის მემკვიდრეობითი ცოდვები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ჩადის უმძიმეს დანაშაულს მოყვასისა და, განსაკუთრებით, ღვთის წინაშე. ამ დროს მისი ბუნება ძლიერ ზიანდება და ეს დაზიანება მემკვიდრეობით თვით მეოთხე თაობამდე გადადის. ასეთი ცოდვილის შთამომავალი, მართალია, პიროვნულად არ აგებს პასუხს წინაპრის შეცოდებაზე, მაგრამ იგი გარკვეული დაზიანებებით, კონკრეტული ცოდვისადმი მიდრეკილებებით იბადება. ამასთან, თუ გულგრილი დარჩვება წინაპრის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი, მაშინ შეიძლება, მისი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

თუ ცოდვის პირველი ორი გაგება თითქოს საყოველთაოა, მესამე გაგება მხოლოდ ქრისტიანობაშია. ესაა პირველქმნილი, ანუ ადამისეული ცოდვა. ადამის ცოდვა თვისობრივად განსხვავდება და შეუდარებლად აღემატება ყველა ჩვენს შეცოდებას. მან უარყო ღმერთი და ეს უმძიმესი ცოდვა, მართალია, ეშმაკის ცდუნებით, მაგრამ ყოველგვარი შინაგანი მიდრეკილებისა და აუცილებლობის, აგრეთვე გარეგანი იძულების გარეშე, ანუ აბსოლუტურად თავისუფლად ჩაიდინა. ცოდვის შემდეგ ადამი დასცილდა ღმერთს (სიკეთის, სიცოცხლის, ბედნიერების წყაროს); მასში (ადამში) დაზიანდა ზოგადად ადამიანური ბუნება (ცოდვის სიმძიმისაგან), რის გამოც მთელი მისი შთამომავლობა უკვე დაზიანებული, ღმერთს დაცილებული, ავადმყოფი ბუნებით იბადება. ეს მდგომარეობა ისეთი მძიმე და გამოუვალი იყო, რომ ჩვენს გადასარჩენად თვით ღმერთის ადამიანად მოსვლა გახდა საჭირო; თავად ღმერთი გახდა მხსნელი.

ზემოთქმულიდან გასაგები ხდება, რომ ჩვილი ბავშვები პიროვნულად უმანკონი არიან (მათ ჯერ სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევნის გაკეთების უნარი არა აქვთ), მაგრამ ბუნებით ცოდვილნი არიან; ანუ მათ სრულად აქვთ მიღებული ადამისეული, დაზიანებული, ღმერთს დაცილებული და ავადმყოფი ბუნება ყველა უმძიმესი შედეგით: ცოდვიანი მიდრეკილებებით, ხორციელი ავადმყოფობითა და სიკვდილით, ღმერთთან ყოფნის უუნარობით.

ყოველი ახალშობილი შვილია ძველი ადამისა, გადარჩენისათვის კი აუცილებელია განახლება, სულიერად მეორედ შობა, ძველი ადამის შვილობიდან ქრისტეს, ანუ ახალი ადამის შვილად გახდომა. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რაოდენ სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალშობილთა მონათვლა, რითაც ისინი განახლებულნი, ქრისტეს შვილნი, სასუფევლის მოქალაქენი ხდებიან“, - განმარტავს მამა თეოდორე გიგნაძე.