„არ შეგეშინდეს დაურ, უფალი შეგხვდება... ჩვენი შვილი ხარ და ძმა, ჩვენ ცრემლებს იმსახურებ“ - მამა ირინეოს შენგელია

დაურ ბუავა

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაურ ბუავას მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. მისმა უეცარმა გარდაცვალებამ, ბევრ ადამიანს ატკინა გული.

დაურ ბუავას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სასულიერო პირი, მამა ირინეოს შენგელიაც:  

„ძალიან მეწყინა... არ შეგეშინდეს დაურ, უფალი შეგხვდება… მაგარი ვაჟკაცი ხარ, ნამდვილი აფხაზი და ნამდვილი ქართველი, ჩვენი შვილი ხარ და ძმა, ჩვენ ცრემლებს იმსახურებ, საქართველო გაერთიანდება და შენი სახსენებელი მარად იქნება ჩვენში! მადლობა ყველაფრისთვის! გზა მშვიდობის…“.

ცნობისთვის, დაურ ბუავა აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი იყო, რომელიც წარმოშობით ტყვარჩელიდანაა. TikTok-ზე თავდაპირველად რელიგიურ და საგანმანათლებლო თემებზე აქვეყნებდა ვიდეოებს, თუმცა მოგვიანებით მისი მთავარი გზავნილი ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობისა და ურთიერთობის აღდგენა გახდა.