რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
ნაძვისხე საჩუქრების ყუთებშია ჩაფლული, სამზარეულოში გემრიელი არომატი ტრიალებს, საახალწლო სუფრაც თითქმის მზადაა და მთელი სახლი ბავშვების აჟიტირებული სიცილითაა გაჟღენთილი, - ასე აღწერს 31 დეკემბრის ღამეს მსოფლიოში წარმატებული ქართველი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, რომლისთვისაც ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია - მეუღლესთან, სამ შვილთან და მშობლებთან ერთად, როცა სადღესასწაულო სამზადისში ოჯახის თითოეული წევრი თანაბრად მონაწილეობს და მთავარ მოვლენას, საჩუქრების გახსნის მომენტსაც, ყველა თაობა სულმოუთქმელად ელოდება.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ახალი წლის ღამეს ყოველთვის სახლში ვატარებთ. ჩვენს ოჯახში ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მხიარული დღესასწაულია. 12 საათის მოლოდინი - ეს არის ხალისიანი ფუსფუსი, სუფრის მზადება, საჩუქრების დალაგება და ბავშვების გადარბენა. გახდება თუ არა 12 საათი, ვულოცავთ ერთმანეთს, ვცვლით ტკბილეულს და ყველა ერთად ვეცემით საჩუქრების კუთხეს. აი, მაშინ იწყება წარმოუდგენელი ქაოსი და არეულობა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბედნიერების მომტანია“.
დათასთვის ეს დიდი ოჯახური ბედნიერება სრულყოფილი მაშინაა, როცა ირგვლივაც მხოლოდ კარგი ამბები ტრიალებს. თუმცა წლების წინათ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელიც გაუფრთხილებლობას უკავშირდება. საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიაში მონაწილეობით გადაწყვიტა. სრულად იზიარებს კამპანიის გზავნილს: „აღნიშნე ახალი წელი, როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“, თუმცა ამბობს, რომ წარსულში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის გამოცდილება თავადაც აქვს. მაშინ გაუმართლა და შემთხვევა მშვიდობით დასრულდა.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ამდენი უბედურება გვაქვს ნანახი, მაგრამ გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა. ჩვენ გარშემო ამდენი ტრაგიკული შემთხვევა ხდება ყოველ წელს და ვიღაცები მაინც რისკავენ, მაინც ჰგონიათ, რომ ეს მათ არ დაემართებათ.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად მაგარი და გამოცდილი მძღოლია - ნასვამ მდგომარეობაში ყველა ადამიანს შენელებული აქვს რეაქცია; მხედველობა ბუნდოვანია; შიშის გრძნობა დაკარგული აქვს და შეუძლებელია პროგნოზირება, ისეთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს. ეს ყველა შემთხვევაში ასეა - ნასვამი ადამიანი საჭესთან ყოველთვის საშიშია!“
ამბობს, რომ საჭესთან მჯდომი ადამიანი პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზეც. ნასვამი მძღოლი კი საჭესთან პოტენციური მკვლელია. „ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ახირებებზე უარის თქმა და თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე დაფიქრება“ .
სწორედ ამ მანკიერ ქცევასა და მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანია, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გვჯერა, რომ წინასაახალწლო პერიოდში ზრუნვისა და უსაფრთხოების - ამ ორი უმთავრესი ღირებულების შეხსენება მძღოლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დიახ, ახალ წელს ყველანაირი გართობა, აღნიშვნის ფორმა თუ უჩვეულო ქმედება მისაღებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ისაა, რომ ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში არ უნდა ვმართოთ. სწორედ ამ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, წელს ჩვენი საკომუნიკაციო არხები თუ აქტივობები, საახალწლო კამპანიის ჩათვლით, სრულად დაგვეთმო საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე საუბრისთვის და ძალიან გვიხარია, რომ უამრავი ავტორიტეტიანი და პასუხისმგებლობიანი ადამიანი შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ერთ-ერთი ამბასადორი, დათა ქაჯაია, 2023 წლის დიდ ნაწილს საჭესთან გაატარებს - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირზე ღირსეული ასპარეზობაა ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც ის ახალი წლის ღამესაც ჩაიფიქრებს.
„ყველას ვურჩევ, მხოლოდ მიზნების განხორციელებაზე, ოცნებების ასრულებასა და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭებაზე კონცენტრირდნენ, უაზრო ახირებით გამოწვეულ ტრაგიკულ შეცდომებს ცხოვრებას ნუ დაანგრევინებენ. სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2023 წელი“.