„ალბათ, ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება...“ - წერილი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედას

აა

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. 

"ალბათ, ასეთ დროს ყველაზე ბუნებრივი პირადი, უხმაურო სამძიმარია. თუმცა, ამ ღია წერილს შეგნებულად ვწერ. არის ტრაგედიები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი დედის საზღვრებში აღარ ეტევა. 

მინდა, სხვებმაც იცოდნენ, ვის მხრებზე გადაიარა გუშინ ვერაზე დატრიალებულმა სისასტიკემ. მინდა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ეს უმძიმესი ტვირთი და საჯაროდ გამოხატონ ის თანაგრძნობა, რაც ახლა ყველას საერთო ტკივილი და ვალია.

მიწიერი ლოგიკით, შვილის დაკარგვა ხომ სამყაროს ყოველგვარი წესრიგის რღვევაა. იქ, სადაც დედა შვილს გლოვობს, ნებისმიერი ფილოსოფია ფერმკრთალდება და სიტყვები უბრალოდ აზრს კარგავს. მაგრამ ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრი, გვასწავლის უმთავრესს(!) არ არსებობს სიკვდილი. არსებობს მხოლოდ გარდაცვალება, დროებითიდან მარადიულში, მიწიერი სისასტიკიდან საღვთო სიმშვიდეში გადასვლა. 

ძალიან კარგად მესმის, რომ სანამ ეს რწმენა ტკივილს გადაწონის, წინ ჯვარცმისა და ნამდვილი გოლგოთის გზაა. ახლა ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია, ამიტომ არც შევეცდები ბანალური სიტყვებით მის შემსუბუქებას. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ამ უდიდეს განსაცდელში მარტო არ ხართ და თქვენი ტკივილი დღეს ბევრისთვის ძალიან ახლო და პირადი გახდა.

რადგან ახლა სიტყვები მართლაც ზედმეტია, ალბათ ყველაზე ნამდვილი თანადგომა ის იქნება, თუკი თითოეული ჩვენგანი ახალშესვენებულ ნიკოლოზს ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიებთ.

შევთხოვ უფალს, მოგმადლოთ ის უხილავი, ზეადამიანური სიმტკიცე, რომელიც ამ ჯვრის სატარებლად გჭირდებათ. ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ნიკოლოზის უკვდავ სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

გულწრფელი თანაგრძნობითა და ლოცვით,თქვენი ტკივილის თანამზიარებელი", - წერს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ირაკლი ყიფიანი.