67 წლის კაცი, რომელიც 11 წლის ნათესავის სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს, გარდაცვლილი იპოვეს

ლენტა

67 წლის კაცი, რომელიც 11 წლის ნათესავის სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.

შემთხვევა იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. „ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი მცირეწლოვან ნათესავს სისტემატურად მაშინ ურეკავდა, როდესაც რწმუნდებოდა, რომ მოზარდი სახლში მარტო იმყოფებოდა.

საეჭვო ზარების შესახებ გოგონამ დედას შეატყობინა. მტკიცებულების მოპოვებისა და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით, დედის მითითებით, შვილმა მამაკაცს უთხრა, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა. ამის შემდეგ კაცმა არასრულწლოვანს ისევ დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ფარულად ჩაწერა.

მოზარდის ოჯახმა მოპოვებული აუდიო-ვიდეო მტკიცებულება სამართალდამცველებს გადასცა.