პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წლების წინ, ჩვენი საუბარი მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს უნდა შეხებოდა, როცა ის ავიაკატასტროფისას, ფაქტობრივად, სრულიად უვნებელი გადარჩა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ თუ ეს დღე 4 აპრილი იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. თავისთავად ისე დაემთხვა, რომ 3 აპრილს დავურეკე და შეხვედრაზე მეორე დღისთვის შევუთანხმდი. ინტერვიუზე უარს როგორ ვიტყვი, 4 აპრილს ჩემი მეორე დაბადების დღეაო, - მითხრა... ამ სიტყვების ავტორი ცნობილი ჟურნალისტი, სპორტული კომენტატორი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე და ბევრი ტიტულის, რეგალიის პატრონი ჯამლეტ ხუხაშვილი გახლდათ, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 2023 წლის 5 აპრილს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"1970 წლის 4 აპრილი გახლდათ, ზაპოროჟიეში ჩემს ნათესავებთან მივემგზავრებოდი (ბიძაშვილს შვილი შეეძინა) რეისით თბილისი-ქუთაისი-როსტოვი-ზაპოროჟიე. ამავე დროს, თბილისის "ლოკომოტივი" ზაპოროჟიეს "მეტალურგს" ეთამაშებოდა და ვიფიქრე, თან თამაშსაც დავესწრები და რადიოსა და გაზეთს მატჩის შესახებ ინფორმაციასაც მივაწვდი-მეთქი. მოკლედ, ჩავჯექი "ილ 14-ში", რომელსაც სულ 28 ადგილი ჰქონდა. რეისის ნომერი იყო 2903. ეკიპაჟს საკმაოდ გამოცდილი პილოტი - კოზმა ბიტიევი მეთაურობდა, რომელიც იმ რეისის შემდეგ დამსახურებულ პენსიაზე მიდიოდა. თვითმფრინავში ბოლო რიგში, რბილ სავარძლებზე აღმოვჩნდი. რადგანაც ბოლო რიგში გახლდით, ამიტომ შევნიშნე, რომ სალონში ბორტგამცილებელი ამოვიდა, რომელიც ოჯახური ტრაგედიის გამო ჩვენთან ერთად ვერ მოდიოდა და რადისტს ეხვეწებოდა, იქნებ ჩემი ფუნქცია შეითავსოო. მაშინ თვითმფრინავში მგზავრებს საფრენ კანფეტებს ურიგებდნენ, ვისაც აფრენა-დაფრენისას ყურში უჭერდა, კანფეტი მგზავრობისას ეხმარებოდა. ჰოდა, ბორტგამცილებელი რადისტს ეუბნებოდა, - იქნებ მგზავრებს კანფეტიც დაურიგო და ზოგადად ყურადღება მიაქციო, მე ვერ ვიქნებიო.
ამ ფაქტისთვის ყურადღება იმ წუთებში დიდად არ მიმიქცევია, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, როცა ის უბედურება მოხდა... ბორტგამცილებლის გარეშე ვიფრინეთ, მისი ფუნქცია იმ 22 წლის რადისტმა შეასრულა, რომელსაც თავის საქმეც ბევრი ჰქონდა და შეიძლება, ბოლომდე ვერც დაარიგა კანფეტები... როგორც ჩანს, არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ მგზავრებს ქამრები შეეკრათ... როდესაც თვითმფრინავს გეზი ზაპოროჟიისკენ უნდა აეღო, იქვე აეროპორტში პატარა რესტორანში, კოზმა ბიტიევმა ეკიპაჟის წევრებთან ერთად ივახშმა და როგორც ამბობდნენ, ალკოჰოლის მიღება მეტი მოუვიდათ... თვითმფრინავი რომ აფრინდა, უკვე დაღამებული იყო. წინა რიგში ჩემი მეზობელი, ერთი ქართველი ებრაელი კაცი - მიშა იჯდა, რომელიც ზაპოროჟიეში "ზაპოროჟეცის" ძრავის ნაწილის შესაძენად მიდიოდა. ვუთხარი, იქნებ გადმოჯდე უკან და ვილაპარაკოთ-მეთქი. მითხრა, ჩემთან ერთად მოდის ადამიანი, რომელსაც ზაპოროჟიეში ასევე ძრავის ნაწილების შეძენა უნდა. სასაუბრო თემა გვაქვსო და არ გადმოვიდა... რადგან ნათესავებთან სტუმრად მივდიოდი, რაღაცნაირად მოვემზადე, ახალი ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაგრამ მალევე მომიჭირა და გავიხადე, მერე ჩამეძინა კიდეც. ძილში თვითმფრინავის მკვეთრი მოძრაობა ვიგრძენი და თვალი გავახილე, ილუმინატორში გავიხედე - თვითმფრინავი სასწაულებრივი სისწრაფით ეშვებოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გამიკვირდა, მაგრამ გაკვირვება ვეღარ მოვასწარი, როცა ვიგრძენი, რომ თვითმფრინავი მიწას დაასკდა. რამდენიმე წამის განმავლობაში "ილ 14-მა" ჯერ ირბინა და მერე შუაზე გაიყო, წინა ნაწილი მთლიანად მოსწყდა... იმ დროს გონება დავკარგე. გონების დაკარგვა ალბათ რამდენიმე წამი გაგრძელდა. თვალები რომ გავახილე, ადამიანების განწირული წივილ-კივილი მესმოდა. მივხვდი, რა საშინელებაც მოხდა... გარშემო ყველაფერს მხოლოდ მთვარე ანათებდა. ბენზინის სუნი მეცა. მივხვდი, იქაურობა დროზე უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ფეხი არ მემორჩილებოდა. შეგრძნება მქონდა, რომ მოტეხილი მქონდა. დავეყრდენი იმას, ვინც უკეთ დადიოდა და გადმოვხტი ადგილიდან, სადაც ვიჯექი, მაგრამ დავახტი გარდაცვლილ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი მეზობელი მიშა აღმოჩნდა... გული შემიწუხდა, ამასთან, უკვე თვითმფრინავის წინა ნაწილიც დავინახე, რომელიც ნაგლეჯებად იყო ქცეული და მასში ადამიანები იყვნენ აზელილი. როგორც მერე გავიგე, დაიღუპა პატარა ბავშვიც... 33 კაციდან მხოლოდ 8 გადავრჩით...
თვითმფრინავი მოხნულ მიწაზე დავარდა და ამორტიზატორობა ხნულებმა გასწია. ამიტომ არ აფეთქდა. მერე ისიც გაირკვა, რომ თურმე რამდენიმე მეტრში, უზარმაზარი ჯერ წყალჩაუსხამი, მობეტონებული წყალსაცავი იყო. თვითმფრინავი რომ არ გაჩერებულიყო, ყველაფერი იქ დამთავრდებოდა, ვერც ერთი გადავრჩებოდით... გავიდა დრო, მოვიდა მაშველი რაზმი, "სასწრაფო". მეგონა, რომ იქ ფეხმოტეხილი ვიდექი და თან, ფეხსაცმელი არ მეცვა. მაშველებმა იქაურობას წრე შემოარტყეს, წინ მივიწევდი და ვეუბნები, გამიშვით, თვითმფრინავში ახალი ფეხსაცმელი დამრჩა-მეთქი. რომ ვეღარ გამაჩერეს, ერთ-ერთმა კაპიტანმა თავის მოადგილეს უთხრა, - ეს გიჟი მოაშორეთ აქედან, ფეხსაცმლის დარდი აქვს, არადა, შეიძლება, თვითმფრინავი წუთი წუთზე აფეთქდესო... ექიმებმა საკაცეზე დაგვაწვინეს და საავადმყოფოში წაგვიყვანეს... იმან მიშველა, რომ ჩემ გვერდით მეორე სავარძელი ცარიელი იყო, თან ძალიან რბილი სავარძლები გახლდათ, რომლებმაც ამორტიზატორობა გამიწია...
- ფეხი მართლაც მოტეხილი გქონდათ?
- არა, გაბზარული... საავადმყოფოში ჩემთან ერთად იწვა თომაძე, იმ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. ბატონი თომაძე შეიძლება ითქვას, თავიდან "ასაწყობი" გახდა. გვერდით პალატაში იყო მოთავსებული და მახსოვს, მისი განწირული ყვირილი, - მთლიანად დასახიჩრებული იყო.
საავადმყოფოში გრძელი პიჟამა ჩამაცვეს, სხვა ზომა არ ჰქონდათ, ყავარჯნებით დავდიოდი... ჩემს სანახავად ჩამოვიდნენ: ჩემი ძმა, ბიძაშვილი და მისი მეგობრები. ყავარჯნებზე დაყრდნობილი, გრძელი პიჟამით რომ დამინახეს, რომელშიც ფეხები კარგად არ მიჩანდა, ჩემმა ძმამ შეიცხადა: - ვაიმე, ფეხები აღარ აქვსო. დავუყვირე: ნუ გეშინია, ორივე ფეხი მაქვს-მეთქი. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... თბილისში დნეპროპეტროვსკიდან ვბრუნდებოდით. აეროპორტში რომ მივედით, ბილეთები არ იყო. უფროსს ვუთხარი, რომ ჯამლეტ ხუხაშვილი ვიყავი, იმ საბედისწერო რეისიდან. ყველანი ფეხზე დადგნენ: საჰაერო გმირი გვესტუმრაო! თვითმფრინავში უბილეთოდ შეგვიშვეს (მაშინ ასეთი რაღაცები მოდიოდა). ოღონდ, ფეხზე ვიდექით... წინ, ეკიპაჟთან ახლოს. თვითმფრინავი თბილისს რომ მოუახლოვდა, უეცრად რადისტის ყვირილი გავიგონე: არ დაჯდეთ, სასწრაფოდ მოაბრუნეთ თვითმფრინავი, ჭექა-ქუხილია, ავფეთქდებითო. შემოაბრუნეს და მინდორში დასვეს... იქ 6 საათი ვიყავით, საიდანაც როგორც იქნა, თბილისში გადმოვფრინდით. ასე დასრულდა ჩემი საოცარი მგზავრობა... იმ უბედურებიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, მიშა ქორქიას მამის გასვენებაში გახლდით და მიშამ ერთი ნაიარევი კაცი გამაცნო და მითხრა - ესეც შენსავით ავიაკატასტროფისას გადარჩაო. როდესაც ვკითხე: სად მოხდა ავიაკატასტროფა-მეთქი, ზაპოროჟიეშიო. ეს ის თომაძე გახლდათ, ეკიპაჟის წევრი, რომელიც იმ ღამით ჩემ გვერდით პალატაში მოათავსეს... რადგანაც ეს ამბავი 4 აპრილს მოხდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაბადების დღეს 4-ში ვიხდიდი.
არადა, 13 აპრილს ვარ დაბადებული...
- წლების შემდეგ, ამ განსაცდელს როგორ შეაფასებთ? რა იყო ის თქვენს ცხოვრებაში?
- განსაცდელი ცხოვრებაში ბევრი მქონია: 1975 წელს საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი... იქაც საღსალამათი გადავრჩი... 60-იან წლებში დიდ ჩხუბში მოვხვდი, თავში ავტომატის კონდახი ჩამარტყეს, დავეცი და ბორდიურის კიდეს თავი დავარტყი. კლინიკური სიკვდილი მქონდა. არამიანცის საავადმყოფოში ვმკურნალობდი. იმის შემდეგ ცხოვრება თავიდან დავიწყე. ლაპარაკიც კი თავიდან ვისწავლე. ეს ყველაფერი ალბათ იღბალია... ზოგჯერ ადამიანი 20-სანტიმეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდება, თავს დაარტყამს და ცხოვრებას დაასრულებს...
- ის ავიაკატასტროფა თქვენთვის არ იყო გაკვეთილი?
- თუ ასე იყო, მაშინ თვითმფრინავში აღარ უნდა დავმჯდარიყავი... იმ საშინელების შემდეგ შიში აღარ მაქვს. რომ მირეკავენ და მეკითხებიან - ჯამლეტ, როგორ ხარ? ვეუბნები - სპორტულად! "შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა"...
მძიმე განსაცდელის დროს, როგორც ჩანს, ღმერთი გაძლევს ძალას და განიჭებს ზედმეტი თმენის უნარს. მოკლედ, ცხოვრებაში იღბალია საჭირო“... იღბალია ცხოვრებაში ყველაფერიო, ამბობდა და სამჯერ სიკვდილს გადარჩენილ ადამიანს არც ისე დიდი ხნის წინ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემის შეექმნა - უიშვიათესი დიაგნოზი დაუსვეს: ლიმფომა თვალის ფსკერზე. მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, მკურნალობას საქართველოშიც აგრძელებდა. მხნედ იყო და ცდილობდა, ყველა პრობლემას გამკლავებოდა. "ფაქტობრივად, მთელი წლის მკურნალობა ისრაელში გავიარე. თვალის ფსკერზე 25 ქიმია გამიკეთეს, ეს მთელი წლის კურსია. ამ 25-მა ქიმიამ, რომელიც ნემსით შემიყვანეს თვალში, თავისი საქმე გააკეთა. მერე ორი ათასი ფოტო გადაიღეს, ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს და ნახეს, რომ სიმსივნური სივრცე შეკუმშული იყო. ანუ, ქიმიამ სიმსივნური სივრცე უკუაქცია, მაგრამ მერე მცირეოდენი გაუგებრობა წარმოიშვა და ისევ ქიმიაზე გადავიდნენ. ისევ მიხედეს და მოუარეს. ყველაფერი უმაღლესი რანგის ექიმებმა გამიკეთეს. ისრაელში უძლიერესი ექიმის პროტოკოლით ვმკურნალობდი, რომ პროცესი ბოლომდე მიმეყვანა. ახლა უკვე აქ, თბილისში ვაგრძელებ მკურნალობას. მე მაინც ვიბრძვი. ქიმიას ვებრძვი, ბოტანიკასაც და ფიზიკასაც..." - ხუმრობდა თავისებურად ჟურნალ "თბილისელებთან"...
"ორი კვირაც არ გასულა, ჩემო ჯამლეტ... როგორ გაგეხარდა ჩემი ნახვა, ისე ალაპარაკდი, რითი გესიამოვნებინათ შენ და ევას აღარ იცოდით. ნუთუ ბოლო შეხვედრა უნდა ყოფილიყო, ჩვენო უფროსო ძმაო?! ნათელში იყოს შენი ერთგული სული, ჩემო ჯამლეტ! ჩვენ კი სანამ ვიქნებით, ვერ დაგივიწყებთ!" - დაწერა მუსიკოსმა მორის ჯანაშვილმა სოციალურ ქსელში და გამოაქვეყნა ბატონი ჯამლეტის ერთ-ერთ ბოლო ფოტო.