2025 წელს ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და მოდერნიზებისთვის 100 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

GWP

Aqualia ჯივიპიში აქტიურად აგრძელებს სისტემურ განახლებებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით, რისთვისაც კომპანია 2025 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპანიამ გასულ წელს არაერთი საოპერაციო მაჩვენებელი გააუმჯობესა, მათ შორის:

•18%-ით შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები

•19%-ით შემცირდა ქსელზე ინციდენტების რაოდენობა

•29%-ით შემცირდა წყალმომარაგების გეგმური შეზღუდვის საშუალო დრო

•დაიზოგა 11 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყალი

,,წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების ხანდაზმულობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ჯივიპის მთავარ პრიორიტეტად 2025 წელსაც წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელების მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება, რაც უშუალოდ მოძველებული ქსელების განახლება-რეაბილიტაციასთან ერთად წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას და პრევენციულ მონიტორინგს გულისხმობს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად კომპანია შეძლებს კიდევ უფრო შეამციროს წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, არეალი და ხანგრძლივობა “ - ხოსე მიგელ სანტოს გონზალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

წყალმომარაგების სისტემა, ქალაქში არსებულ ქსელებთან ერთად, მოიცავს მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული მილსადენების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია 2025 წელს კიდევ უფრო აძლიერებს პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებებს, გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით.

2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიამ უკვე განახორციელა 47.7 მილიონი ლარის პროექტები. მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. აქტიურ პროცესშია კომპანიის სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ავტომატიზაცია, რაც წყალმომარაგების სისტემის ოპერატიულ მართვას უზრუნველყოფს და შეცდომის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე, ახლდება გეოსაინფორმაციო სისტემები, პროექტი ემსახურება წყალმომარაგების ქსელის კრიტიკული მონაკვეთების იდენტიფიცირებასა და პრევენციულ მონიტორინგს. 2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, გეოსაინფორმაციო სისტემების მოდერნიზების პროექტის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე 131 კრიტიკული მონაკვეთი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.