ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
2024-2025 წლის ზამთრის სეზონი სასტუმრო Bakuriani Inn-ისთვის საკმაოდ აქტიური იყო, - აცხადებს სასტუმრო Bakuriani Inn-ის მფლობელი კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.
ნინა გაჩეჩილაძის განმარტებითვე, მაღალი მომართვიანობა უკვე დეკემბრიდან ფიქსირდებოდა. „ობიექტი სრული დატვირთვით ოპერირებდა 1-15 იანვრის პერიოდში, რაც შეეხება სეზონის შემდგომ პერიოდს, დატვირთულობა საშუალოზე მაღალი გახლდათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენეჯმენტის მიზნად დასახული გეგმები და შედეგები თანხვედრაშია.
რაც შეეხება ტურისტებს, გვსტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან: მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ბალტიის პირა ქვეყნებიდან, აქტიურობდა აზიაც“, - აცხადებს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.
ნინა გაჩეჩილაძის ინფორმაციითვე, მარტის თვე შედარებით ნაკლები აქტიურობით ხასიათდება, თუმცა არსებული ჯავშნების გათვალისწინებით სასტუმროში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
„მოგეხსენებათ, მარტი შედარებით ნაკლები დატვირთულობით ხასიათდება, თუმცა წინასწარი ჯავშნების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდზეც გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომებს და სტრატეგიებს, იმისათვის რომ თითოეული სეზონი წარმატებით გავიაროთ, დაგეგმილი გვაქვს გარკვეული აქტივობები, რომელიც მოიცავს არაერთ PR და მარკეტინგულ კამპანიას, როგორც სასტუმრო ობიექტის, ასევე ბაკურიანის როგორც ტურისტული ლოკაციის პრომოციას.
შესაბამისად, მივყვებით მიმდინარე წილის ჭრილში გაწერილ სამოქმედო გეგმას და პარალელურად ვინარჩუნებთ მოქნილობას, რათა მზად ვიყოთ გამოწვევებისათვის და ამავდროულად არ ჩამოვრჩეთ ტენდენციებს“, - აცხადებს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.