„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, ეს ჩვენი მოგონილი ინსტრუმენტი არ არის - ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ

„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ „2 ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ მელიქაძემ, რეტრო-ბონუსის ინსტრუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეტრო-ბონუსი ფასდაკლების წყაროს არ წარმოადგენს და კომპანია „ლიდერ ფუდთან“ დაკავშირებული შემთხვევა მოიყვანა აღნიშნულის მაგალითად, რომ ეს „2 ნაბიჯის“ მოგონილი ინსტრუმენტი არ არის.

„რეტრო-ბონუსი არ არის ფასდაკლების წყარო, „ლიდერ ფუდის“ კონკრეტული პროდუქტი ჩვენს ქსელში „საინვოისო“ ფასად შემოვიდა - 10 ლარად, ერთეულის ღირებულება. ჩვენ გავყიდეთ ის 8 ლარად და 42 თეთრად, ანუ წავაგეთ 1,58 ლარი. მაგრამ მთელი წელი წაგებაზე არ ვიქნებოდით ხომ? სინამდვილეში ეს მხოლოდ „საინვოისო“ ფასი იყო, რეტრო-ბონუსი ამ შემთხვევაში წარმოადგენდა 2 ლარს და 10 თეთრს, ანუ ჩვენთვის ფაქტობრივად ასაღები ფასი იყო 7,90 ლარი, ანუ ჩვენ ამ კონკრეტულ პროდუქტში მოვიგეთ 0.52 თეთრ, რაც 6.5 % ფასნამატია. რეალურად, ჩვენ კომპანიას მოველაპარაკეთ არა „საინვოისო“ ფასზე, არამედ იმ ფასზე, რაც ასაღები ფასია, ეს იმ კომპანიის სურვილია, რომ ეს ასაღები ფასი ასე გაიყოს, ჩვენ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რეტრო-ბონუსის აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ „საინვოისო“ ფასი რომ დამთხვეოდა იმ ფასს, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ რეტრო-ბონუსი იქნებოდა ნული, ეს ჩვენი არჩევანი და მოგონილი ინსტრუმენტი არ არის“, - განაცხადა არჩილ მელიქაძემ.