"15 წლის იყო, საოცარი ხასიათის, უნიჭიერესი... უცხოეთში ვაპირებდით გაშვებას..." - სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი

მარიშა

მოდელი მარიშა გვიდიანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის „ჯეომოდელსის“ სააგენტოს მოდელი იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. „Geomodels Agency-ის“ წარმომადგენელი, მოდელის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის ადგილზე ჩაბარდა პოლიციას.

მარიშა გვიდანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. როგორც სააგენტოში ამბობენ, მოდელი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მართვითი სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.

„ჩვენ მის სამოდელო კარიერაზე ვზრუნავდით, გადაღებებზე დადიოდა, უცხოეთშიც ვაპირებდით გაშვებას, შესაბამის ასაკში როცა იქნებოდა. არაჩვეულებრივი გოგო იყო, წინა პარასკევს, ველოსიპედით მიდიოდა ტროტუარზე. წამებში მოხდა ყველაფერი. ნასვამი მძღოლი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ასევე, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იყო, დაეჯახა. ძალიან ოპერატიულად იმოქმედა სასწრაფოს ბრიგადამ, კლინიკაში გადაიყვანეს...

მარიშა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კარგად აღზრდილი... ჯირითი უყვარდა , ხატავდა, სწავლობდა არაჩვეულებრივად. დედისერთა იყო...

დედამისის თხოვნაა, გამკაცრდეს კანონი, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არ დაჯდეს საჭესთან. 

მარიშამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა.. უმძიმესი მდგომარეობა იყო, ოჯახი იმედს არ კარგავდა, თუმცა გუშინ მოხდა, რაც მოხდა... "- განუცხადა „პრაიმტაიმს“ სააგენტო „Geomodels Agency“ წარმომადგენელმა.