პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფელი ქაქუთი - 2008 წლის 16 აგვისტო, სერჟანტ როინ შავაძის დაცხრილული ცხედარი - საქმეში უმძიმესი ფოტო-მასალა ინახება, "კურიერი P.S-მა" მათი ნაწილის მოპოვება შეძლო. ექსპერტებმა აჭარის კუდის სპეცრაზმის მიერ მოკლული სერჟანტის სხეულზე 65 დაზიანება დაითვალეს, თითქმის ყველა სასიკვდილო.
ყველაფერი აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ომგამოვლილი მეხუთე ბრიგადის სერჟანტი 15 აგვისტოს კუდის ბათუმის შენობაში მიიყვანეს, მალევე გაუშვეს. მეორე დღეს კი თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ბრიგადაში, სადაც როინ შავაძე მსახურობდა, აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე მივიდა, სამიზნე შეათვალიერა. მოწმეების ჩვენებით, პატარიძემ ამ დროს შავაძეს შორიდან შეაგინა და ჩაილაპარაკა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს, როინ შავაძეს ხალხმრავალ ადგილზე ბათუმის ყოფილი ოქროს ბირჟის მიმდებარედ, სპეცრაზმის თანამშრომლები თავს დაესხნენ და კაფეში, ავტომატის კონდახებით გონების დაკარგვამდე სცემეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაწამები სერჟანტი ქობულეთის მიმართულებით გაიტაცეს, ავტომობილიდან გადმოიყვანეს და გზის პირზე კალაშნიკოვის ავტომატებით ჩაცხრილეს.
"კურიერი P.S-ის" მიერ მოპოვებულ ფოტოში კარგად ჩანს, მკვლელობის ადგილზე, სპეცრაზმის გაჩერებული კოლონა, თავში დგას კუდ-ის მაშინდელი უფროსის, თემურ პატარიძის ავტომობილი.
სერჟანტის დაკავება და ლიკვიდაცია მაშინდელმა გამოძიებამ ასე ახსნა - თითქოს შავაძე ნარკოდამნაშავე იყო და ამ მიზნით დააკავეს. ბადრაგირებისას კი, სპეცრაზმისთვის იარაღის წართმევა და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუხსნეს. ამ ვერსიას პროკურატურა ყალბს უწოდებს. ხელახალი გამოძიებით დადგინდა მკვლელობის რეალური მოტივი - თითქოსდა, როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რაც ახალი გამოძიებით ასევე არ დასტურდება. გენერალურმა პროკურატურამ სერჟანტის მკვლელობის საქმე 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიძია, რომლის თანახმად, როინ შავაძის მიმართ დაირღვა ევროკონვენციით დაცული სიცოცხლის უფლება. ერთ-ერთი და მთავარი საეჭვო გარემოება, რითაც ახალმა გამოძიებამ იხელმძღვანელა ის არის, რომ ნაომარ ქვეყანაში ბლოკირებული მაგისტრალის პირობებში, შავაძის თბილისში ეტაპირება შეუძლებელი იყო და ნაცემი სერჟანტი ქობულეთის მიმართულებით, წინასწარ განზრახული მკვლელობის მიზნით წაიყვანეს. ნაწამები სერჟანტი, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა, სპეცრაზმისგან გაქცევას ვერ შეძლებდა.
ასევე დაგაინტერესებთVIDEO: „უმწეო მდგომარეობაში მყოფი დააყენეს გზის გადასწვრივ და მოახდინეს მისი ლიკვიდაცია“ - როინ შავაძის საქმის უმძიმესი დეტალები
მომხდარიდან 15 წლის შემდეგ, ხელახალ გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავების, ორგანიზებული მკვლელობის და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში 10 პირი მისცეს. 8 დააკავეს - აჭარის კუდის უფროს თემურ პატარიძეს და კიდევ ერთ სპეცრაზმელს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. წლებია, არცერთი მათგანი საქართველოში აღარ ცხოვრობს. დაკავებული 8 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს - სერჟანტის მკვლელობას კი, აუცილებელი მოგერიებით ხსნის. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სად არის მკვლელობის ორგანიზატორი თემურ პატარიძე - ცნობილია, რომ აჭარის კუდის ყოფილი უფროსი საქართველოდან 2015 წელს წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მის ანგარიშზე დაუსწრებლად 2 გამამტყუნებელი განაჩენია, უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადობის მოწმობების საარჩევნოდ გაყალბების ეპიზოდებზე. სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე, პატარიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს. როინ შავაძის მკვლელობის საქმე, მისთვის მეოთხეა. კურიერის ინფორმაციით, პატარიძემ შავაძის საქმეზე ჩვენება დისტანციურად მისცა. ის თავს სავარაუდოდ თურქეთს აფარებს. პატარიძეზე პროკურატურამ ძებნა უკვე გამოაცხადა.
რა დავალება მიიღო თეიმურაზ პატარიძემ და რეალურად რისთვის გაიმეტეს როინ შავაძე - გამოძიება ჯერ არაფერს ამბობს, გარდაცვლილის მეუღლეს კი საკუთარი ვერსია აქვს.
"ვფიქრობ, რომ დაკვეთა იყო ზემოდან. მახსოვს, პატარიძეს ზარი ჰქონდა მერაბიშვილთან, ეს დამტკიცდა. აღიარებული ჩვენება აქვთ მიცემული, რომ მათ ესროლეს", - აცხადებს ციცინო შავაძე.
ასევე ნახეთ VIDEO: უმძიმესი დეტალები როინ შავაძის საქმეში, რომელიც პროკურატურამ გასააჯაროვა - დანაშაულიდან 15 წლის შემდეგ, დაკავებულია 8 პირი, 2 ძებნაშია
გამოძიების მასალების მიხედვით, თემურ პატარიძემ როინ შავაძის შესწავლის დავალება მაშინდელი ხელმძღვანელისგან მიიღო. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ პერიოდში , პატარიძესთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრსაც. 10 პირისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, გამოძიება სხვა შესაძლო დამნაშავეების კვალზე გასვლას ცდილობს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე ყოფილი მაღალჩინოსნებით გაფართოვდეს.
უკვე ბრალდებულებიდან 6 პირს, განზრახ მკვლელობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოკლულის ოჯახი ახლა სხვა შესაძლო დამნაშავეების დასჯას ელოდება.