სასამართლომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

saqalaqo sasamartlo

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ დანიელ მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

პროცესზე პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ამის არგუმენტად კი პირის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულოს ჩადენის საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. გირაოს ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდო, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა.

„ჩვენი დაინტერესების საგანი იყო, სასამართლოს ემსჯელა შესაძლებლობაზე, გამოეყენებინა პატიმრობისგან განსხვავებული, ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიება, როგორიც გახლავთ გიარო. სასამართლოს განვუმარტეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა. ასევე არ არსებობდა ახალი დანაშაულის, მიმალვის, მტკიცებულებათა გადამალვის ან განადგურების საფრთხე. ეს დავასაბუთეთ კონკრესტულ ფაქტებზე მითითებით, კონკრეტული მტკიცებულებებით. ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას. ყოველგვარი განხილვისა და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოსდა სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა, ვისაც აქციასთან შემხებლობა აქვს. ფაქტობრივად, სრულად არის უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვისა და მსჯელობის საგანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულ სახდელდაკისრებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ორი წლის, რომლის მხარდაჭერას და დახმარებას თავად უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის არცერთ სხვა პირს არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.