პოლიციის მობილიზება საქალაქო სასამართლოსთან - ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის განაჩენი დღეს გამოცხადდება

პოლიციის მობილიზება საქალაქო სასამართლოსთან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

დღეს, სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს გიორგი მიქაძე, რის შემდეგაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

გასულ სხდომაზე კი მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.