პოლიციამ რაჭაში ყაჩაღობისა და გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობისა და გამოძალვის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას, 1941 წელს დაბადებულ ჯ.დ.-ს და მის მეუღლეს,  ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დ.ნ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული დ.ნ. ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე  და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.