მტკვარში გადავარდნილ მანქანასთან ერთად, წყლიდან ორი მგზავრის ცხედარი ამოასვენეს - მესამე მგზავრის საძებნელად სამძებრო ღონისძიება გრძელდება

ბკ

მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან დღეს დილით ამოიყვანეს. დადასტურდა, რომ მანქანაში იყო ორი მგზავრის ცხედარიც.

კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მანქანის მტკვარში ჩავარდნის დროს, სალონიდან გადმოხტომა ორმა ადამიანმა შეძლო - ერთი მათგანი მაშველებმა ავარიიდან მალევე იპოვეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში, კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. პოლიციამ უკვე დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.