„მოპოვებულია მტკიცებულებები, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინაშე დადებული ფიცი“ - დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ელიზბარ გოზალიშვილი

პროკურორის, ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ საქმეში მოპოვებულია მტკიცებულებები, მათ შორის - მათ მიერ დადებული ერთგულების ფიცი.

"მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულია ორი პირი. აღნიშნული მოქალაქეები გაერთიანებულები არიან ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში. აღნიშნულის დასტურად, მათ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი, რითაც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ნებისმიერი სახის დავალება შეასრულონ.

საქმეში მოპოვებულია მტკიცებულებები, მათ შორის მოპოვებულია მათ მიერ დადებული ერთგულების ფიცი. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკა, რაც ადასტურებს აღნიშნული პირების მონაწილეობას ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში", - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.