პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, ავთანდილ გალდავას დაკითხვის დროს ბადრი ესებუამ სიტყვა ითხოვა. მან ავთანდილ გალდავას მისი დაკავება მიულოცა.
„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება. როგორც ჩანს, ეს დიდი მიღწევაა. მე ის გამიხარდებოდა, როგორც მე შემებრძოლეთ და ჩემს ოჯახს, ისე შეებრძოლოთ ჩვენს მტერს.
რაც შეეხება ჩემს კითხვას, როცა თქვენ ჩვენებას აძლევდით, რამდენჯერმე აგიჩუყდათ გული, მე მაინტერესებს რატომ არ აგიჩუყდათ გული მაშინ, როცა ასე სასტიკად გაუსწორდით ჩემს ოჯახს, როცა ჩემი უდანაშაულო ძმა გაუშვით ციხეში ოთხი წლით და ჩემს ნათესავებსაც იგივე „ტრიუკი“ გაუკეთეთ“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუამ.
ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მოწმის სტატუსით, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა დაიკითხა.
ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხასკარში 8 თებერვალს აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.