1734018035
იტალიური მედია ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ქართველის ვინაობას ასახელებს
იტალიურმა მედიამ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ვინაობა გაარკვია.
32 წლის შოთა ჯავშანაშვილი, დაქორწინებული, ორი შვილის მამა. ის პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც გაიგო, რომ მის ოჯახში სამართალდამცველები იყვნენ მისული.
კარაბინიერები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
ორივეს ბრალად ედება 26 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობა. მას მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. დანაშაული პიზის სათვალთვალო კამერებზეა ასახული.
იტალიური მედიის ცნობით, 32 წლის შოთა ჯავშანაშვილი კარაბინერებმა მკვლელობიდან მალევე აიყვანეს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, მან ცივი იარაღით და მინის ბოთლის ნამსხვრევით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტუნისის მოქალაქეს. 26 წლის ილიეს ემრი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"კურიერი" დღეს ეჭვმიტანილის მშობლიურ სოფელში ჩავიდა. შრომაში ბრალდებულის ბებია ცხოვრობს. მისი თქმით, შვილიშვილი კავშირზე ბოლოს 5 დღის წინ გამოვიდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არც ბრალდებულის თანასოფლელებს აქვთ. ლაგოდეხის რაიონის მცხოვრებლები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ჯავშანაშვილი ოჯახთან ერთად, იტალიაში სამუშაოდ 1 წლის წინ წავიდა.
მკვლელობა პიზაში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მოხდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ყველაფერი ხმამაღალი საუბრით დაიწყო და ათზე მეტი პირის მონაწილეობით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. თვითმხილველების თქმით, ილიეს ემრი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ბრალდებულ მოქალაქეს სამართალდამცველები განზრახ მკვლელობას ედავებიან. მისი სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება.