გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა

გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ პროკურატურის მონაწილეობაზე მსოფლიო პროკურორთა ასოციაციაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსით ვახდენთ კონტრიბუციას მსოფლიო პროკურორთა ასოციაციაში და განვიხილეთ სამომავლო ურთიერთობის გეგმები, ასევე განვიხილეთ საქართველოში რეგიონული კონფერენციის მოწყობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურმა მდივანმა როელ დონამ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ და საპატიოა ჩემთვის საქართველოში ყოფნა. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ პროკურორთან. საქართველო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წევრია. წლების განმავლობაში გვეხმარებოდით კონფერენციების ორგანიზებაში და გვიწევდით მხარდაჭერას. ასევე, გვეხმარებოდით პროფესიონალური პროგრამების, ტრენინგ კურსების, კვალიფიკაციის ამაღლების ვებინარების მომზადებაში. ამგვარად, მშვენიერი იყო ძველ მეგობრებთან შეხვედრა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალის განხილვა“, - განაცხადა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურმა მდივანმა როელ დონამ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა, სადაც შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციული წევრი 2011 წლიდანაა, თუმცა ასოციაციასთან მჭიდროდ 2014 წლიდან თანამშრომლობს. 2018 წლის მაისში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი არჩეული იქნა IAP მმართველობით ორგანოს აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და შესაბამისად საქართველოს პროკურატურა ჩართულია ასოციაციის მმართველობით საქმიანობაში.

✕