დაზარალებულებს მუქარითა და ცემით აიძულებდნენ სხვადასხვა რაოდენობის თანხის ჩარიცხვას - კრიმინალური გარჩევები, რომელიც სახლში ხდებოდა

პოლიცია ლენტა

დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაირკვა, რომ ამ სახლში კრიმინალური გარჩევები ხდებოდა.

"ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვისთვის, პოლიციამ 5 პირი დააკავა, სპეცოპერაციები თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში ჩატარდა.

ფარული სატელეფონო საუბრები, დაკავებული 5 პირის საქმეში მთავარი მტკიცებულებებია. გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ქურდული გარჩევებით, მუქარით, დაშინებით და კრიმინალური გავლენებით, ბრალდებულები კონკრეტულ პირებს თანხას სძალავდნენ.

ფარული ჩანაწერების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

მეტი დამაჯერებლობისთვის და ავტორიტეტის მოპოვებისთვის, ბრალდებულები ე.წ კანონიერ ქურდების სახელებსაც იყენებდნენ. ერთ-ერთ სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ თანხა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდისთვის, ჯეირან კინწურაშვილისთვის უნდა ჩაერიცხა.

დაკავებულ ხუთ პირს ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა. ისინი ახლა წინასწარ, 2 თვიან პატიმრობაში რჩებიან. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, მას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს. გამოძიება 40 წლის მამაკაცს "ქურდული სამყაროს" წევრობას ედავება.

ბრალდებულების პოზიცია ნაწილობრივ ცნობილია, მათი ნაწილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მოპოვებული მტკიცებულებები, დანაშაულის ჩადენის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის ადვოკატებისთვის.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულების სახლების ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით, მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.