ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარი და სანდოა, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად - ბექა ჯაიანის საქმის პროკურორი

კესარია

მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებულია, - ამის შესახებ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პროკურატურამ მოცემულ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენა შეძლო, რაც გამამტყუნებელ განაჩენს დაედო საფუძვლად.

„რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარის არგუმენტაცია მოკლებულია ლოგიკას, რადგან ბრალდების მხარემ შეძლო მოცემულ საქმეზე სასამართლოში წარედგინა ის მტკიცებულება, რითაც ერთის მხრივ, დადასტურდებოდა ბექა ჯაიანის ბრალეულობა ბრალდების თითოეულ ეპიზოდში, მეორედ მხრივ, ასევე შევძელით წარმოგვედგინა ყველა ის დამამძიმებელი გარემოება, რომლის გამოც სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. დაცვის მხარის უფლებაა, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და სანდოა, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. დარწმუნებული ვარ, იმავე მტკიცებულებების საფუძველზე, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება",- განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.