ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ტყიბული

ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიებები ტყიბულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეშახტის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია ,,საქნახშირის“ წარმომადგენლებთან ერთად, შახტში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილთა ხსოვნას.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მეშახტეებს პროფესიული დღე კომპანია ,,საქნახშირში“ მიულოცეს, მათ ღირსეული შრომისთვის  მადლობა გადაუხადეს და წლის გამორჩეული მეშახტეების დაჯილდოების ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

,,საქნახშირის”  გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ სოცკიმ “საპატიო მეშახტის” ჯილდო, ასევე, გადასცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩერქეზიშვილს  და საკრებულოს თავმჯდომარეს, იოსებ რობაქიძეს, წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომისათვის ტყიბულქალაქობა  და მეშახტის დღე მასშტაბური მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილებისა და ხილის კუთხეები, საბავშვო, გასართობი და სპორტული აქტივობები. ინტელექტუალური სპორტის მოყვარულთათვის გაიხსნა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ტყიბული-2025“. მოგვიანებით, ცენტრელური ხელისუფლების, მხარისა და ადგილობრივი თვითმმრთველობის  წარმომადგენლებმა ახალი ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის შენობა და მუნიციპალური ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის რეაბილიტაციის პროცესს.

 ტყიბულქალაქობის ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტთა ანსამბლი ,,სულიკო“ წარდგა. გაიმართა ტყიბულის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოების ცერემონია. საღამო კი, პოპულარული და ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი „ურსას“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.