"თოვლში, ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო... ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ სიწითლე..." - 38 წლის წინანდელი სვანეთისა და გუდაურის ტრაგედია, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა

1987 წლის სტიქია სვანეთში

რამდენიმე დღეა, დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს. დიდთოვლობამ უდიდესი პრობლემა შექმნა სოფლებში. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია ჯარი, მეხანძრე-მაშველები, რიგითი მოქალაქეები. მუშაობს ასეულობით სპეცტექნიკა, მაგრამ სტიქიასთან გამკლავება ჭირს.

24-საათიან რეჟიმში იწმინდება გზები, მაგრამ ნალექი იმდენად დიდია, რომ საათებში ისევ უარესდება სიტუაცია.

მიმდინარე მოვლენებმა ხალხს 1987 წლის სტიქია გაახსენა, როცა სვანეთში დატრიალებულ ტრაგედიას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამ ტრაგედიაზე დღესაც საუბრობენ სვანები. არავის ავიწყდება იმ წელს მოვარდნილი ზვავი. ნოემბერში დაწყებული თოვა, რომელიც იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.

სტიქიური უბედურება, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს 1987 წელს, ისტორიას არ ახსოვს. ნოემბრიდან მოყოლებული მთაში განუწყვეტლივ თოვდა. ზოგან თოვლის სიმაღლემ 10 მეტრს გადააჭარბა.

სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის სოფლები გარე სამყაროს მოწყდა. დაიკეტა გზები. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.

განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნა სვანეთში. 9-დან 31 იანვრამდე სამასამდე ზვავი ჩამოწვა... როცა ჩვეულებრივ სეზონზე 30-ს არ აღემატებოდა. მარტო ერთმა ზვავმა 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯუმბერ პატიაშვილმა სვანეთის ტრაგედია წიგნში - "ოცდასამი წლის შემდეგ" აღწერა.

- ყველაზე მეტად, ადამიანი საკუთარ უმწეობასა და უსუსურობას სტიქიის უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია.

უხვთოვლიანობა საქართველოს მაღალმთიანი რაიონებისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ იმ წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გუდაურის ახალგახსნილ სამთო-სათხილამურო კომპლექსში მოზარდთა ოცკაციანი ჯგუფი გარე სამყაროს მოწყდა. ვერტმფრენით გადავფრინდით გუდაურში, ბავშვები იმავე ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ფასანაურში გადმოვიყვანეთ და მშობლებს უვნებლად ჩავაბარეთ.

სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, ფასანაურშივე შემატყობინეს, რომ სვანეთში დიდთოვლობამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისში აღარ დავბრუნებულვარ, ფასანაურიდან პირდაპირ სვანეთში გავფრინდით.

იმდენად ტრაგიკული სურათი დამხვდა, რაღაც მომენტში მეგონა, რომ აზროვნების უნარი წამერთვა... გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი. თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო... ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ, გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ ჯანმრთელი სიწითლე. ტკივილის სიტყვებით გამოხატვა ვერც მაშინ შევძელი და ახლაც, წლების შემდეგაც მიჭირს.

სვანეთის ტრაგედია არ ყოფილა აღქმული როგორც ერთი რესპუბლიკის, ერთი კონკრეტული რეგიონის ტრაგედია, მან საკავშირო ინტერნაციონალური ხასიათი მიიღო. რიგითი ადამიანებიდან მოყოლებული, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით, ყველა დახმარებას ცდილობდა...“-  იხსენებს წიგნში ჯუმბერ პატიაშვილი.