1770669889
მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში N6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის N6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, მიმდინარე სამუშაოებს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, მერის მოადგილე კახა გურულთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გიგა კიკვაძესთან და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელ თამარ ხეჩიკაშვილთან ერთად გაეცნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ლაბორატორიის, სპორტული დარბაზისა და ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. შენობაში სრულად შეიცვლება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა.
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში N6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სკოლა წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დღეს სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ჩვენ, ის სკოლებიც განვიხილეთ, რომელთა პროექტირება უახლოეს პერიოდში დასრულდება და ძველი შენობების ადგილზე ახალი აშენდება, ასევე ზოგიერთი მათგანი სრულ რეაბილიტაციას დაექვემდებარება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მეექვსე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 7.5 მილიონი ლარია. სკოლა 700 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია, 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.
დღესვე, რუსთავის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით, ქალაქში დაგეგმილი სხვა პროექტები, მათ შორის N16, N2 და N1 საჯარო სკოლების საკითხი განიხილეს. აღნიშნულ საჯარო სკოლებში, სამუშაოების დაწყება, მუნიციპალური განვითარების ფონდს, მიმდინარე წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.
„რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან გამართულ შეხვედრაზე, ქალაქის არსებული საჯარო სკოლების მდგომარეობა განვიხილეთ და მიმდინარე სამუშაოები დავგეგმეთ. ფაქტია, რომ რუსთავში არაერთი საჭიროებს რეაბილიტაცია-მშენებლობას, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დღესვე რუსთავის მე-6 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურ ფაზაშია და 2026 წლის ივლისში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა.










