კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა... - რა ხდება ამ დროისთვის ხარაგაულის სოფლებში, სადაც მეწყერი გააქტიურდა

ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება.

„პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.

მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.სოფელ ხემაღალსა და ღვერკში დღეს იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომლებიც არსებულ ვითარებას გაეცნენ და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს“, - აცხადებენ უწყებაში.