ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა

ბათუმი

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში - დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და მიწის ნაკვეთები. მერიაში დაახლოებით 90 შეტყობინება შევიდა.

უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებს ბათუმის მერი გაეცნო. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებენ.

"სტიქიურად მოსულმა უხვმა ნალექმა რიგი გამოწვევები შექმნა ბათუმში. დაახლოებით 90 მისამართიდან, შემოსულია მოქალაქეების განაცხადები მიწის ნაკვეთებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით.

თითოეულ ლოკაციაზე მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები. მობილიზებულია სპეცტექნიკა და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს ყველა მუნიციპალური სამსახური.

ამავდროულად, მუდმივმოქმედი კომისიის ფარგლებში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ყველა ბათუმელს, რა თქმა უნდა, აუნაზღაურდება და დაუკმაყოფილდება ის მოთხოვნები და ხარჯები, რომელიც სტიქიის შედეგად მიადგება.

მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება უამინდობა. შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.