ბათუმის ბულვარში უნებართვო ობიექტების დემონტაჟი გრძელდება

დემონტაჟი

 ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ ბულვარში კიდევ სამი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტი.

აღნიშნულ ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდათ.

კვების ობიექტები ბულვარის გამწვანებულ ზოლში იყო განთავსებული და სარეკრეაციო სივრცის იერსახეს მნიშვნელოვნად აზიანებდა, ხოლო სავაჭრო ობიექტი იახტკლუბის მიმდებარედ მდებარეობდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14 უსახური და უნებართვო კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო ნარჩენების გატანა მოხდა, ხოლო ამ ეტაპზე ტერიტორიის სრულად მოწესრიგება მიმდინარეობს.

ბულვარისა და ქალაქის მასშტაბით უკვე 100-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და 20-მდე კვების ობიექტზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.

პროცესი მიმდინარეობს დადგენილი წესებისა და კანონის სრული დაცვით და მიზნად ისახავს როგორც ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე მოწესრიგებული და კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას.