ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა - აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია - სულხან თამაზაშვილი

სულხან თამაზაშვილი

გადაცემაში „იმედის კვირა“, აჭარაში განათლებისა და სპორტის მიმართულებით დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, განათლება, ახალგაზრდები და მათი განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა - აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აჭარაში გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში.

„გასულ წლებთან შედარებით, 54%-ით გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა სპორტში. ეს განაპირობა იმან, რომ ჩვენს ნაკრებს აქვს ძალიან კარგი შედეგები წელს: გვყავს 10-მდე ევროპის ჩემპიონი და 80-მდე საქართველოს ჩემპიონი. სწორედ ეს ხალხი აძლევს მოტივაციას ახალგაზრდებს“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

სულ მალე ბათუმს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი შეემატება. სრულად განახლდება ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლა, რომლის აღსაზრდელებიც ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ. ასევე, განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწავლას ხელვაჩაურში, სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები. სოფელ განთიადში კი 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ჯამში, აჭარას სულ მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ახალი სასწავლო დაწესებულება ექნება.