გიგა ავალიანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1786030729
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ქოლესტეროლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ მხოლოდ საერთო ან „ცუდი“ ქოლესტეროლის (LDL) განსაზღვრა ყოველთვის არ იძლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის სრულყოფილად შეფასების საშუალებას.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი სწორედ ამ ეტაპზე უშვებს შეცდომას და ფიქრობს, რომ თუ ანალიზში „ცუდი“ ქოლესტეროლის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე აღარ არსებობს.
„ბევრი ადამიანი იკეთებს ანალიზს იმის გასაგებად, თუ რამდენი აქვს სისხლში ქოლესტეროლი. ძალიან ბევრი უშვებს ტიპურ შეცდომას. ნუ გააკეთებთ ქოლესტეროლის ანალიზს ისე, როგორც აქამდე აკეთებდით. შესაძლოა, LDL-ქოლესტეროლი ნორმაში გქონდეთ, თუმცა სისხლძარღვები მაინც ზიანდებოდეს“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ექიმის განმარტებით, გულ-სისხლძარღვთა რისკის უფრო ზუსტად შესაფასებლად სასურველია აპოლიპოპროტეინ B-ის (ApoB) ანალიზის ჩატარება.
მისივე თქმით, სწორედ ეს კვლევა აჩვენებს ათეროსკლეროზის გამომწვევი ლიპოპროტეინების რაოდენობას და ექიმს ეხმარება შეაფასოს, რამდენად მაღალია ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი.
გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ანალიზების შედეგების ინტერპრეტაცია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოახდინონ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიზნით რეგულარული სამედიცინო კონტროლი არ უგულებელყონ.