1728589908
„სიძველის დასამალად თევზს თვალებს თხრიან“ - რა უნდა იცოდეთ, სანამ ქუჩაში თევზს იყიდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ლუდსა და შებოლი თევზზე მოთხოვნა იზრდება. განსაკუთრებით თუკი საფეხბურთო სეზონიც ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში თევზის მრავალსახეობაა, ფასების გამო ხშირად ქუჩაში უწევთ მათი შეძენა თევზის მოყვარულებს.
ქუჩაში კი ჰიგიენის ნორმები იშვიათად არის დაცული. მტვერი, არასწორი ტემპერატურა და მწერები... ამ სამი ფაქტორის გარდა კიდევ ბევრია, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ქუჩაში შეძენილმა პროდუქტმა, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
„შებოლილი თევზი მალფუჭებადი პროდუქტია, რომელსაც შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება. აუცილებელია, დაცული იყოს რეალიზაციის პირობები, მაგრამ ბაზრობებსა და განსაკუთრებით ლუდის ქარხნებთან, სამწუხაროდ, უამრავი თევზია გამოფენილი, რომლებსაც გარემოვაჭრეები მომხმარებელს სთავაზობენ.
შეუძლებელია, დაადგინო ვარგისიანობის ვადა და რამდენად უსაფრთხოა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კარგ თევზს ლაყუჩები ღია ვარდისფერი უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი თევზების უმრავლესობას ლაყუჩები მუქი ფერის აქვს, ანუ პროდუქტი ძველია.
ასეთი პროდუქტი კი ბოტულიზმის პირველი კერაა და ძალიან დიდ რისკზე მიდის ის გამყიდველი, რომელიც ბედავს და ახალ, გაყინულ, შებოლილ თუ დამარილებულ თევზს ღია ცის ქვეშ, მზეში გამოიტანს და მომხმარებელს შესთავაზებს. შებოლილი და დამარილებული თევზი ქუჩაში არ იყიდოთ!
ზაფხულში შებოლილ და და მარილებულ თევზს განსაკუთრებით დიდი გასავალი აქვს, რადგან ამ პერიოდში ბევრი ცივ ლუდს ეტანება, დამარილებული და შებოლილი თევზი კი ლუდის განუყრელი ატრიბუტია. ქუჩაში გამოტანილ არც ერთ პროდუქტზე და მათ შორის თევზზე არანაირი კონტროლი არ ხორციელდება, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კონკრეტულად კი შეიძლება, ბოტულიზმი გამოიწვიოს. ზოგჯერ ქუჩაში ორი-სამი წლის შებოლილ თევზსაც ყიდიან, სიძველის დასამალად კი თვალებს თხრიან“,- განმარტავს მადონა კოიძე პრაიმტაიმთან ერთ-ერთ ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „საკმაოდ ბევრი დავიკელი... მთავარია, ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად გრძნობდე“ - თიკა ჯამბურია