როგორ შევინახოთ კვერცხი და პასკა სწორად - ტემპერატურული რეჟიმი, ვადები და დამუშავების პირობები

პასკა და კვერცხი

აღდგომის  სუფრის მთავარი პროდუქტები - კვერცხი და პასკა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს ამკაცრებს და ბაზარზე არსებულ პროდუქციას ამოწმებს.

ვადები, შენახვის პირობები და ხარისხი - სწორედ ეს არის ის კრიტიკული დეტალები, რომლებიც ამ პერიოდში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ერთი შეხედვით ყოველდღიური პროდუქტი, არასწორი შენახვის შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცეს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც კვერცხის, ისე პასკის შენახვის წესებს - ტემპერატურულ რეჟიმს, ვადებს და დამუშავების პირობებს.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვერცხის ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.

უწყებამ ამ პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, საწყობებსა და სარეალიზაციო დახლებზე შეამოწმა. სესის მონიტორინგისას ყურადღება გამახვილდა ვადებზე, შენახვის პირობებსა და ხარისხზე.

კვერცხის შერჩევისას არსებობს უვნებელი პროდუქტის ამოცნობის სხვადასხვა გზა. ფერმაში წარმოებულ კვერცხს აუცილებლად აწერია გამოშვების ვადა. შედარებით რთულია ე.წ. სოფლის კვერცხის უვნებლობის ამოცნობა. ახალ კვერცხს ნაჭუჭი შედარებით გლუვი აქვს, ვადაგასულს კი პრიალა.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, უმი კვერცხი ინახება 20-დან 30 დღემდე, თუმცა სასარგებლო თვისებებს მხოლოდ 7 დღის განმავლობაში ინარჩუნებს.

კვერცხი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაირეცხოს წყლის დაბალი ჭავლით. პათოგენების, მათ შორის, სალმონელოზის განადგურებისთვის კი აუცილებელია მისი თერმულად კარგად დამუშავება.

სააღდგომოდ, კარგად მოხარშული კვერცხის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს ერთი კვირისა, თუმცა მნიშვნელოვანია არ იყოს დარღვეული მისი მთლიანობა და აუცილებელი ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი ინტოქსიკაციისა, სწორედ ამიტომ, დღესასწაულის პერიოდში იზრდება კლინიკებში მიმართვიანობა როგორც ინტოქსიკაციის, ასევე ალერგიული რეაქციების ჩივილებით, რადგან კვერცხი მნიშვნელოვანი ალერგენია.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია საღებავი, რომლითაც სააღდგომო კვერცხი იღებება.

კვერცხის გარდა, სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია პასკაც. ტრადიციული გამომცხვარი პასკა ნაკლები რისკის მატარებელია, თუმცა ხაჭოს პასკის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია როგორც მასში ინგრედიენტებად გამოყენებული რძის პროდუქტების ვადები, ისე შენახვის ტემპერატურული პირობები. ხაჭოს პასკა მაცივარში 3-დან 5 დღემდე ინახება, ვადის გახანგრძლივებისთვის კი შესაძლებელია მისი გაყინვა.

იმისთვის, რომ აღდგომა მართლაც დღესასწაულად დარჩეს და ჯანმრთელობა ინტოქსიკაციით არ დავიზიანოთ, მნიშვნელოვანია სპეციალისტების რჩევები გავითვალისწინოთ.