როგორ ხსნიან მეცნიერები უადგილო სიცილს, ტირილს, სევდიანი ფილმების სიყვარულს

ფილმების ყურება

ზოგი ჩვენგანი ძალზე უცნაურად იქცევა,მაგრამ ვიდრე შორიდან არ შეხედავს საკუთარ თავს, ამას ვერც კი ამჩნევს. მეცნიერებმა სცადეს იმის ახსნა, რატომ იცინის მაშინ, როცა ტირილია საჭირო, უყვარდება ფსიქოპათი და სხვა.

უადგილო სიცილი

ადამიანთა უმრავლესობას ერთხელ მაინც გასცინებია უდროო დროს, მაგალითად, ვისიმე წაქცევისას ან ცუდი ამბის გაგებისას. მართალია, ყველამ ვიცით, რომ გარდაცვალებაში არაფერია სასაცილო, მაგრამ ზოგს სწორედ პანაშვიდზე თუ გასვენებაში აუვარდება ხოლმე ისტერიული სიცილი. ეს სულაც არ არის უტაქტობის ბრალი; ასეთ დროს სიცილი იმის ნიშანია, რომ ადამიანმა ძლიერი ემოციური სტრესი გადაიტანა და მისი ორგანიზმი დაძაბულობის მოხსნას ცდილობს.

ფსიქოპატის შეყვარება/მისით მოხიბვლა

ბევრი უმიზეზოდ იხიბლება საშიში ადამიანებით, მათ შორის - გამოხატული ფსიქოპათებითაც. რა აღვიძებს მათ ინტერესს? მეცნიერებს სამი თეორია აქვთ. პირველი ღაღადებს, რომ ფსიქოპათების მიერ ჩადენილი ბოროტება საშუალებას აძლევს ადამიანს, დროებით გადალახოს კანონმორჩილების საზღვრები. მეორის თანახმად, ფსიქოპათი არსით მტაცებელია და ამბები მის შესახებ ადამიანს ატავისტურ დაყოფაში (მონადირე და მსხვერპლი) აბრუნებს. დაბოლოს, მესამე თეორიის მიხედვით, ადამიანს ზოგჯერ აქვს მოთხოვნილება, უბრალოდ შეაშინონ.

ტირილი

ტირილს მწუხარებაზე ადამიანის ბუნებრივ რეაქციად აღვიქვამთ, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორია მისი არსი. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ტირილი წარსულის გადმონაშთია და იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი საფრთხეშია. ახალგაზრდა ცხოველების უმეტესობა განსაზღვრულ ხმებს გამოსცემს, რითაც სხვებს საფრთხის შესახებ აფრთხილებს ან დახმარებას სთხოვს. მიჩნეულია, რომ ტირილი წარსულში უბედურების ის სიგნალი იყო, რომლითაც მახლობლად მყოფ ადამიანს ისე გააფრთხილებდი, რომ მტაცებლების ყურადღებას არ მიიპყრობდი.

ჭორაობა

ქალებს ხშირად უწოდებენ ჭორიკანებს. არადა, გამოკვლევების თანახმად, მამაკაცები 32%-ით მეტს ჭორაობენ. საქმე ისაა, რომ ადამიანთა უმრავლესობას ირგვლივ მყოფებთან დაახლოება, სოციალური კავშირების გაბმა სურს, ჭორაობა, საიდუმლოს გაზიარება კი სწრაფად აჩენს ნდობას. კვლევები მოწმობს, რომ ერთობლივ ანტიპათიაზე დაფუძნებული კავშირი უფრო მყარია, ვიდრე სიმპათიაზე დაფუძნებული.

სევდიანი ფილმების სიყვარული

ადამიანის ცხოვრება უსიამოვნებებითაა სავსე, ამიტომ გასაკვირია, რომ ბევრი, ნაცვლად იმისა, რომ კომედიით შეიქციოს თავი, სევდიანი მელოდრამების ყურებას ამჯობინებს. შესაძლოა, ალოგიკური მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ როცა ადამიანი ტრაგედიას უყურებს, საკუთარ უსიამოვნებას ივიწყებს და თავი ბედნიერად მიაჩნია.

უხერხული სიჩუმე

ვითომ რითია ცუდი ვინმეს გვერდით უბრალოდ ჩუმად ჯდომა? მაგრამ ფაქტია, რომ ხანგრძლივი სიჩუმე უხერხულობის განცდას იწვევს. ისევე როგორც ადამიანის ბევრი სხვა ქმედება, ესეც სოციუმთან ურთიერთობასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას უკავშირდება. ფსიქოლოგების აზრით, როცა პაუზა ხანგრძლივდება, თანამოსაუბრეები ღელავენ და ფიქრობენ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. თუმცა ყველა კულტურაში არ არის ასე. მაგალითად, იაპონიაში გახანგრძლივებული პაუზა შესაძლოა პატივისცემის ნიშანი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სერიოზულ საკითხებს განიხილავენ.

წყარო: