რა ასაკში აღარ უნდა მიაწერინოს მშობელმა შვილს თოვლის ბაბუასთვის წერილი - ფსიქოლოგის განმარტება

წერილი

მშობლებმა არ უნდა დააძალონ ბავშვებს თოვლის ბაბუისთვის წერილების დაწერა, თუ ისინი უკვე ეჭვობენ ზღაპრული ჯადოქრის არსებობას. ამ ტრადიციაზე უარის თქმისკენ ბავშვის მიყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა უშუალოდ ახალი წლის წინ. ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგი გვესაუბრება. 

საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით სპეციალისტმა განმარტა, რომ ბავშვები, როგორც წესი, თავადაც იწყებენ მიხვედრას, სინამდვილეში ვინ მოაქვს მათთვის საჩუქრები. ამიტომ უფროსებმა უსასრულოდ არ უნდა გააგრძელონ ზღაპრის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი უკვე მოზარდობის ასაკს უახლოვდება.

ფსიქოლოგმა გაიხსენა შვიდი წლის ასაკის კრიზისი, რომლის დროსაც ბავშვს ახალი ფსიქოლოგიური მექანიზმები უყალიბდება და ის უკეთ იწყებს სოციალური წესების გაგებას. მისი მოსაზრებით, ამ ეტაპის გავლის შემდეგ ბავშვებს უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად გაარკვიონ, რომ თოვლის ბაბუა ზღაპრული პერსონაჟია.

მშობლებს შეუძლიათ ამის შესახებ ყოველდღიურ საუბრებში, ზედმეტი დაჟინების გარეშე მიანიშნონ და დღესასწაულის წინ ბავშვისთვის სპეციალური „სიმართლის გამჟღავნების“ მოწყობა საჭირო არ არის.

„მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ ბავშვის გაზრდას და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მას თავად სურდეს გაზრდა და არა ხელი შეუწყონ მასში ინფანტილიზმის განვითარებას“, — ხაზგასმით აღნიშნა ნეიროფსიქოლოგმა.

ამასთან, სპეციალისტი აფრთხილებს მშობლებს, რომ არ მოითხოვონ თოვლის ბაბუისთვის წერილების დაწერა მაშინაც კი, როდესაც ბავშვი უკვე 12 წლისაა. თუ მოზარდს ესმის, რომ ყველაფერი პირობითი და გამოგონილია, შესაძლოა, წერილში ძალიან ძვირად ღირებული გაჯეტები მოითხოვოს და ამით მშობლები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

თუ ბავშვი კვლავ მიიჩნევს, რომ თოვლის ბაბუისთვის წერილის დაწერა აუცილებელია, მაკაროვა ურჩევს მშობლებს, რბილად მიანიშნონ, რომ ის უკვე გაიზარდა და ამ ტრადიციასაც ჩამოშორდა. მთავარია, საუბარი ულტიმატუმად არ აქციონ.

სპეციალისტის აზრით, გაზრდა ეტაპობრივი პროცესია და მშობლების ამოცანაა, ბავშვს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში დაეხმარონ.

„ჩვენს ფსიქიკაში არსებობს გარკვეული კრიზისული პერიოდები, რომლებიც გაზრდასა და განვითარებაში გვეხმარება. ერთ-ერთი მათგანია შვიდი წლის ასაკის კრიზისი, როდესაც ბავშვის ფსიქიკაში ახალი წარმონაქმნები ყალიბდება და ეს მას საზოგადოებაში თითქმის ზრდასრულის წესების შესაბამისად ორიენტირებაში ეხმარება. ამ კრიზისის გავლის შემდეგ ბავშვი უკვე საკმაოდ ადეკვატური ხდება და ზრდასრულთა წესების მიღება შეუძლია. თოვლის ბაბუის საკითხშიც მას უკვე დამოუკიდებლად გარკვევა შეუძლია. ამიტომ შეიძლება ბავშვს მიანიშნოთ, რომ ეს მაინც ზღაპრული პერსონაჟია: ვითამაშეთ, გავერთეთ და ახლა საკმარისია“, — განმარტა ნეიროფსიქოლოგმა.

✕