1753214676
პირველი ნიშნები, რომლითაც ყირიმ-კონგოს დაავადება ვლინდება

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ.
ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის.
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღწერეს და სახელად ყირიმის ჰემორაგიული ცხელება უწოდეს. 1969 წელს დაადგინეს, რომ პათოგენი, რომელიც ყირიმის ჰემორაგიულ ცხელებას იწვევდა, იგივე იყო, რაც პათოგენი, რომელიც 1956 წელს კონგოში იდენტიფიცირებულ დაავადებას იწვევდა. ამ ორი ადგილის ასეთი კავშირი აისახა დაავადებისა და ვირუსის ამჟამინდელ სახელწოდებაში.
ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ასახელებს პირველ სიმპტომებს, რაც ყირიმ-კონგოს დაავადებას უკავშირდება.
"ესაა მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი. რამდენიმე დღეში, ამას ერთვის ძლიერი სისხლდენა. შეიძლება, ადამიანს სისხლდენა დაეწყოს სხეულის სხვადასხვა ღრუდან. ვინც ისეთ ეეგიონში ცხოვრობს, სადაც ამ დაავადების გადადების მაღალი რისკია, დროული მკურნალობა აუცილებელია", - ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.