„გინდათ უფრო მშვიდი ცხოვრება?“ - ექიმის რჩევები საზოგადოებას

სიმშვიდე

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიზიარებს ინფორმაციას, თუ როგორ ვიცხოვროთ მშვიდად:

„გინდათ უფრო მშვიდი ცხოვრება?

მაშინ წაიკითხეთ და ბოლომდე გაითავისეთ ეს პოსტი

შფოთვითი, ფობიური, პანიკური აშლილობისას, დეპრესიის, გადაღლილობის, დიდი სტრესის დროსაც პირველი სამიზნე ორგანოები ხშირად გული და ფილტვები ხდება.

ხშირად მიყვებით, რომ გაქვთ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება; შიში, რომ ვერ ჩაისუნთქავთ ან ამოისუნთქავთ...

ან, რომ გული გაგიჩერდებათ თუ მოეშვებით, ან ძალიან აგიჩქარდებათ და გაგისკდებათ თუ არ მოეშვებით.

მინდა გახაროთ შემდეგი:

ჩვენ გვაქვს ცენტრალური და ავტონომიური ნერვული სისტემები.

პირველს ვაკონტროლებთ - მოძრაობა, აზროვნება, მეტყველება, მხედველობა, მოტივაცია, მეხსიერება, დაგეგმვა, ...

აი, ავტონომიური ნერვული სისტემა, nomen est omen, ავტონომიურად არსებობს და ვერ კონტროლდება მარტივად ჩვენი ნებით, ფიქრებით, მონდომებებით, აზრებით, ვერც შიშებით და პანიკით.

ზუსტად ეს ამაყი, ძლიერი, დამოუკიდებელი ავტონომიური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს გულის და ფილტვების (და სხვა სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების) შეუფერხებელ მუშაობას 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.

ჩვენ რაც არ უნდა დაძაბული ვიყოთ, რაც არ უნდა პანიკით და შიშით მოცული, ან მოთენთილი, ძალა გამოცლილი, გადაქანცული, დეპრესიული... ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა შეუფერხებლად და ერთგულად ზრუნავს ჩვენს გულისცემაზე, ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვაზე, საკმარის წნევაზე, ტემპერატურაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და ასე შემდეგ.

გული ხომ საერთოდ!

ის ორმაგად დამოუკიდებლია და თავად აწარმოებს საკუთარი გენერატორით იმ სასიცოცხლო იმპულსებს, რასაც ჩვენ პულსად აღვიქვამთ.

სხვათა შორის, პულსის ნორმა იმაზე "ფართოა", ვიდრე ზოგადად ცნობილი: 60-დან 100-მდე.

ასე რომ, ჩემო კარგებო, 80 გულის ცემა წუთში არ არის ტაქიკარდია, არამედ გულის ბუნებრივი სიჩქარე და ტემპერამენტი.

ბოლოს და ბოლოს ცხელსისხლიანი, სამხრეთული ერი ვართ

განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხეთ ეს აბზაცი;

პრობლემა არ არის არც ჩქარი პულსი, არც სუნთქვის სუბიექტური პრობლემები.

პრობლემა იწყება მხოლოდ ჩვენი ამ ყველაფრის შეფასებით.

როგორც კი აჩქარებულ პულსს მივანიჭებთ დრამატულ, საშიშ სტატუსს, მაშინვე ჩაირთვება მანკიერი წრე:

ავყვებით ირაციონალურ ფიქრებს, რომ გული ვერ გაუძლებს, გასკდება, ან გაჩერდება

ეს გამოიწვევს შიშის შეგრძნებას

ეს შიში გამოაყოფინებს თირკმელზედა ჯირკვლებს სტრესის ჰორმონს ადრენალინს

ეს ადრენალინი წამებში მივა გულის კუნთში და უფრო მეტად ააჩქარებს პულსს

ამ აჩქარებულ პულსს და პალპიტაციებს უფრო ძლიერია ვიგრძნობთ

ეს უფრო მეტად შეგვაშინებს

და ისევ უფრო მეტი ადრენალინი გამოიყოფა და ამით გავდივართ წრიულზე

ყველაფერს მოევლება. ერთადერთი შეცდომა არაფრის კეთებაა, თუ რამის შეცვლა გინდა!

ამ კონკრეტულ პრობლემას სწრაფად და 100% ეფექტურობით აგვარებს მოკლე, ინტენსიური ფსიქოთერაპია, რომელიც გასწავლით სხეულის პროცესების სწორად, მშვიდად კითხვას.

თუმცა ბევრისთვის ეს და სხვა ჩემი მსგავსი პოსტი უკვე საკმარისი უნდა იყოს, საკუთარ თავთან მუშაობით ორგანიზმთან დაამყაროს მეტი მშვიდობა და ნდობა.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“,- წერს ლევან შენგელია.