ექსპერტებმა დაასახელეს 7 ნივთი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა გარეცხოთ

სარეცხი მანქანა

სარეცხის რეცხვისას ხშირად ირჩევენ ცხელ წყალს, რათა ნივთები უფრო გასუფთავდეს და განადგურდეს ბაქტერიები საწოლის თეთრეულსა და პირსახოცებზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურა ყველაფრისთვის არ გამოდგება: მან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის შეკუმშვა და შევიწროება, მკვეთრი ფერების გახუნება და ზოგიერთი ლაქის კიდევ უფრო გამყარებაც კი, წერს Good Housekeeping.

„ცივი წყალი ხშირად უფრო დელიკატური არჩევანია, რადგან ის იშვიათად იწვევს საღებავების გადასვლას, ბოჭკოების შეკუმშვას ან ელასტიკური მასალების დაზიანებას“, – ამბობს ნოა პინსონო, მოვლისა და დასუფთავების ლაბორატორიის ანალიტიკოსი სახლის მოვლის რაციონალური მართვის ინსტიტუტიდან.

მისი თქმით, თანამედროვე სარეცხი საშუალებებიც უფრო ეფექტური გახდა, ამიტომ ყოველდღიური დაბინძურებების უმეტესობა ცივ წყალშიც შესანიშნავად ირეცხება. 

სანამ შემდეგი რეცხვისთვის ტემპერატურულ რეჟიმს აირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც, ექსპერტის თქმით, ყოველთვის ცივ წყალში უნდა გარეცხოთ.

მუქი და მკვეთრი ფერის ნივთები - მკვეთრი ფერის ტანსაცმლის ცხელ წყალში რეცხვამ შესაძლოა გამოიწვიოს ფერის გადასვლა, რის გამოც საღებავი სხვა ნივთებზე გადავა. ამიტომ ასეთი ტანსაცმელი, ექსპერტის რჩევისამებრ, უმჯობესია ცივ წყალში გავრეცხოთ.

დელიკატური ნივთები - ცივი წყალი უფრო ფრთხილად მოქმედებს დელიკატურ ქსოვილებზე, როგორიცაა მაქმანი, აბრეშუმი და ატლასი. ასეთი ნივთების რეცხვისას უნდა გამოიყენოთ სარეცხი სპეციალური ბადე-ჩანთა, რათა თავიდან აიცილოთ ძაფების გამოქაჩვა ან დაზიანება, ასევე სარეცხ მანქანაში უნდა აირჩიოთ დელიკატური რეჟიმი.

სპორტული ტანსაცმელი -  სპორტული ტანსაცმელი ხშირად ისეთი მასალებისგან მზადდება, რომლებიც ცხელ წყალში მრავალჯერადი რეცხვის გამო ელასტიკურობას კარგავს. „ნივთები, რომლებიც სპანდექსს ან ელასტანს შეიცავს, უმჯობესია დაბალ ტემპერატურაზე გავრეცხოთ, რადგან ეს ეხმარება ქსოვილს ელასტიკურობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში“, – ამბობს ნოა. თუ სპორტული ტანსაცმლის უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, მისი წინასწარ დამუშავება ან სუნის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალების გამოყენებაა შესაძლებელი. სარეცხი საშუალებების უმეტესობა ძლიერ დაბინძურებასაც კი უმკლავდება ცივ წყალში რეცხვისას. ასევე იყიდება სპეციალურად სპორტული ტანსაცმლისთვის განკუთვნილი საშუალებები.

 საცურაო კოსტიუმები - საცურაო კოსტიუმები ისევე უნდა ირეცხებოდეს, როგორც დელიკატური ნივთები, რათა თავიდან ავიცილოთ გახუნება, ფერის გადასვლა. სპორტული ტანსაცმლის მსგავსად, საცურაო კოსტიუმებიც, როგორც წესი, სინთეტიკური მასალისგან მზადდება, რომლებიც ცხელ წყალში მრავალჯერადი რეცხვის გამო შესაძლოა დაზიანდეს.

ტრიკოტაჟის ნაწარმი - ტრიკოტაჟი ფრთხილ მოვლას მოითხოვს, ამიტომ ის ყოველთვის ცივ წყალში უნდა ირეცხებოდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ დელიკატურ ბოჭკოებს, როგორიცაა მატყლი ან ქაშმირი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება ფორმა და სირბილე დაკარგონ. „ტრიკოტაჟის სვიტერები კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რადგან თბილმა ან ცხელმა წყალმა შეიძლება ხელი შეუწყოს მათ შეკუმშვას ან დეფორმაციას“, – ამბობს ნოა. იმისათვის, რომ ტრიკოტაჟი დავიცვათ, სარეცხ მანქანაში ჩადებამდე ეს ნივთები შიგნითა მხარეს უნდა გადმოვაბრუნოთ.

დალაქავებული ნივთები - მიუხედავად იმისა, რომ რეცხვის შემდეგ ყველა ლაქა როდი ქრება, ცივი წყალი დასაწყისისთვის უფრო უსაფრთხო ვარიანტია. ცხელმა წყალმა ზოგჯერ შეიძლება წინასწარ დაუმუშავებელი ლაქები ქსოვილს სამუდამოდ „შეუერთოს“ (დაამაგროს), მაშინ როცა ცივი წყალი მათ მოცილებაში ეხმარება.

ჯინსის ნივთები - არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჯინსი ცივ წყალში უნდა გავრეცხოთ. პირველ რიგში, ცხელმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს გახუნება და ფერის გადასვლა, რის გამოც თქვენი საყვარელი მუქი ლურჯი ჯინსი ფერს დაკარგავს. მეორე მხრივ, სითბოს ზემოქმედებით  ბოჭკოები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიკუმშოს.

✕