დიეტები ჰოროსკოპის ყველა ნიშნისთვის

დიეტა

ასტროლოგებმა და დიეტოლოგებმა ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის კვების სპეციალური კურსი შეიმუშავეს. თუ გსურთ მთელი წელი ჯანმრთელად, მსუბუქად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები.

ვერძი (21 მარტი-19 აპრილი)

ვერძი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ენერგიულია, მაინც ხშირად უჩნდება წონასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვერძმა თავი უნდა შეიკავოს მძიმე, შემწვარი საკვებისგან, დაკონსერვებული პროდუქტებისგან. ასევე, უნდა შეზღუდოს მლაშე საკვების მიღება. ვერძის ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა უნდა შეამცირონ საკონდიტრო ნაწარმის და ტკბილეულის მირთმევა.

ვერძისთვის სასარგებლო პროდუქტია: 

თევზი, ფაფები, განსაკუთრებით ხორბლის, წიწიბურას და ქერის ფაფა; ყველი, უცხიმო ხაჭო.

ბოსტნეულიდან - სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბოლოკი. აუცილებელია მის რაციონში პარკოსნების ჩართვა. გარდა იმისა, რომ პარკოსნები ცილებით მდიდარია, ისინი ჰემოგლობინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს. ვერძისათვის აუცილებელია დიდი რაოდენობით C ვიტამინი. ამიტომ საკმარისი რაოდენობით ვაშლი, ბანანი და ციტრუსოვანი ხილი უნდა მიიღოს. ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსება შეიძლება ჩირისა და თეთრი მჟავე კომბოსტოს ხარჯზე.

ტრადიციული ჩაის და ყავის ნაცვლად, ამ ნიშნისთვის რეკომენდებულია ასკილის, ჟოლოს და ქაცვის ნახარშები.

გასახდომად ვურჩევთ ფაფის დიეტებს. ასევე, წონის დარეგულირებაში დაეხმარებათ დიეტები, სადაც შეზღუდული იქნება ნახშირწყლების რაოდენობა.

ვერძისათვის, ისევე, როგორც სხვა ცეცხლოვანი ნიშნებისთვის, ნაკლებად ეფექტურია დაბალკალორიული, სწრაფი დიეტები; განტვირთვის დღეები კი პირიქით - სასარგებლო. ამისათვის ხელსაყრელი დღე სამშაბათია.

დიეტა ვერძისათვის (ერთი დღის ნიმუში)

საუზმე: 1 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ქატოს პურის ტოსტი, 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი;

სადილი: (აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი)
ა) 2 ნაჭერი ქატოს პური, ბოსტნეულის სალათა, 50 გრ უცხიმო ლორი ან ქათმის თეთრი ხორცი, 1 ვაშლი;

ბ) 150 გრ გრილზე მომზადებული სოკო, 125 გრ მოხარშული კარტოფილი და ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 75 გრ საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი, მოხარშული სტაფილო ან ყვავილოვანი კომბოსტო და ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენით.

კურო (20 აპრილი-20 მაისი)

კურომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს კვებას. ნივთიერებათა ცვლა მის ორგანიზმში შენელებულია. ამიტომ საკვების გადაჭარბებული მიღების შედეგად სიმსუქნე გარდაუვალია.

ხილიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს ფორთოხალს, ატამს, გარგარს, კომშს და მანდარინს.

მოწიფულ ასაკში კუროს ესაჭიროება A და E ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული, საქონლისა და ღორის ღვიძლი. სასურველია, კუროსთვის განკუთვნილი კერძები მცენარეულ ზეთზე მომზადდეს.

გასახდომად გირჩევთ როგორც დაბალკალორიულ დიეტებს, ასევე დიეტებს, სადაც შეზღუდული იქნება ნახშირწყლების რაოდენობა.
განტვირთვისთვის იდეალური დღე პარასკევია.

კუროსთვის განკუთვნილი დიეტა (1 დღეზე განსაზღვრული მენიუ)

საუზმე: ა) ერთი ნაჭერი ქატოს პური, 1 ვაშლი, 2-3 ნაჭერი მარმელადი;
ბ) ერთი ნაჭერი გრილზე შემწვარი ბეკონი;

სადილი: ა) უხორცო სუპი, 2 ნაჭერი ხრაშუნა პური, 50 გრ უცხიმო ლორი, სხვადასხვა ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა, 1 მსხალი და 1 ჭიქა ცხელი შოკოლადი;

ბ) 2 ნაჭერი ტოსტი, 125 გრ მოხარშული ლობიო, 25 გრ გახეხილი ყველი;

ვახშამი: დიდი ულუფა ბოსტნეულის სალათა შემდეგი დანამატებით:

ა) 50 გრ წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათმის ხორცი

გ) 2 ნაჭერი ტომატის წვენში დაკონსერვებული სარდინი.

ტყუპები (21 მაისი-21 ივნისი)


ადამიანის გარეგნობა ხშირად მატყუარაა - ეს გამოთქმა ზუსტად მიესადაგება ტყუპებს. ხშირად ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გარეგნულად უსუსურები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძლიერი ადამიანები არიან და შეუპოვრად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ.

რეკომენდებული პროდუქტები: თხილი, ყველი, კვერცხი, თევზი, ზღვის პროდუქტი.
ხილიდან - ყურძენი, მსხალი, ატამი და ფორთოხალი; ბოსტნეულიდან - ბადრიჯანი, ზეთისხილი.

გასახდომად ტყუპებს ვურჩევთ ფაფის და დაბალნახშირწყლოვან დიეტებს. მათთვის არ არის რეკომენდებული მკაცრი დიეტა. განტვირთვისთვის ხელსაყრელი დღე - ოთხშაბათი.

დიეტა ტყუპებისთვის ( ერთი დღის ნიმუში)

საუზმე: ა) 2 ნაჭერი ქატოს პური და 25 გრ მოხარშული ლობიო ან სპაგეტი;

ბ) 2 ნაჭერი ქატოს პური, 1 ბანანი და 2 ს/კ იოგურტი;

სადილი: ა) 75 გრ მოხარშული მჭლე ხორცი და 2 ს/კ მოხარშული ბრინჯი;

ბ) 150 გრ გრილზე შემწვარი თევზი და დაჭრილი კომბოსტო ნიახურთან ერთად.

ვახშამი: ა) 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი, 1 ბანანი;

ბ) 25 გრ ბურბუშელა (არ დაატკბოთ) და 1 მსხალი.

კირჩხიბი (22 ივნისი-22 ივლისი)

კირჩხიბის მთავარი პრობლემა ზედმეტი ჭამაა. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ კირჩხიბს ხშირად ექმნება კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, წონაში მომატების გარდა, შეიძლება სხვა არასასიამოვნო სიმპტომებმაც იჩინოს თავი: გულძმარვა, კუჭის ტკივილი, წვა და სხვა.

კირჩხიბს უნდა ახსოვდეს: დაუშვებელია ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით საკვების მიღება.

ამ ნიშნით დაბადებულთათვის რეკომენდებულია ხაჭოს და კეფირის გასახდომი დიეტები. დიეტას თუ პარალელურად სუფთა ჰაერზე ფიზიკური ვარჯიშიც დაემატება, შედეგიც უფრო შთამბეჭდავი იქნება.

კირჩხიბმა განტვირთვის დღე ორშაბათობით უნდა მოაწყოს.

კირჩხიბისთვის განკუთვნილი დიეტის მენიუს ერთი დღის ნიმუში:

საუზმე: ა) ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი, 50 გრ წყალში მოხარშული სოკო, 1 ცალი ქატოს პურის ტოსტი და ღუმელში გამომცხვარი პომიდორი.

ბ) 2 ნაჭერი ქატოს პური, 25 გრ შებოლილი ორაგული ლიმონის წვენით.

სადილი: ა) ნახევარი ავოკადო ლიმონის წვენით, 50 გრ კრევეტები, ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა.

ბ) 2 ნაჭერი ქატოს პური, 25 გრ ხიზილალა ლიმონის წვენით, კიტრი, მწვანე სალათის ფურცლები.

ვახშამი: ა) 150 გრ ქათმის მკერდი, 1 ცალი მოხარშული კარტოფილი და 1 ფორთოხალი.

ბ) 150 გრ მოხარშული კიბორჩხალა, ბოსტნეულის ასორტი ლიმონის წვენით, 125 გრ მოხარშული კარტოფილი ( ხარშავთ კანიანად, ანუ კარტოფილი მუნდირში).

ლომი ( 23 ივლისი-22 აგვისტო)

ლომსაც, ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად, მოეთხოვება სწორი კვება.

რეკომენდებული პროდუქტები ზოდიაქოს ამ ნიშნისათვის: რძე, კვერცხი, ფრინველის ხორცი; ხილიდან - ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი. ციტრუსები მდიდარია უჯრედისით, კალიუმით და ვიტამინებით და ხელს უწყობს ნერვული დაძაბულობის მოხსნას.

გასახდომი დიეტებიდან ლომებისთვის იდეალურია ციტრუსების და ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე დაფუძნებული დიეტები.
განტვირთვისთვის ხელსაყრელი დღეა კვირა.

ლომებისთვის შედგენილი დიეტის 1 დღის მენიუ:

საუზმე: ა) 1 ხრაშუნა პური, 12 გრ დაბალკალორიული რბილი ყველი, 1 საშუალო ზომის ბანანი.
ბ) 1 ჭიქა უხორცო სუპი ან 1 ჭიქა კაკაო და 1 ტოსტი.

სადილი: ა) 125 გრ მოხარშული ლობიო, 2 ხრაშუნა პური;

ბ) 100 გრ გრილზე შემწვარი თევზი და პომიდვრის სალათა ხახვით და ლიმონის წვენით;

ვახშამი: ა) 125 გრ გრილზე მომზადებული უცხიმო ცხვრის ხორცი, მოთუშული ყვავილოვანი კომბოსტო და 1 ბანანი.

ბ) ნესვის ნაჭერი, 250 გრ მოხარშული ინდაურის მკერდი, მწვანე ფერის ბოსტნეული და ვანილის ნაყინი.

ქალწული (23 აგვისტო-23 სექტემბერი)

სუსტი აღნაგობის მიუხედავად, ქალწულები ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მრავალ ადამიანს მიუღწევია ხანდაზმული ასაკისთვის.

ქალწულის რაციონში უნდა შედიოდეს მოთუშული ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეულისგან მომზადებული ფაფები. ხორცი უმჯობესია, ორთქლზე ან ღუმელში მომზადდეს.

ბოსტნეულიდან ქალწულმა უნდა მიიღოს: კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ყაბაყი, გოგრა. ხილიდან - ვაშლი, მსხალი, ბროწეული და გარგარი.

ქალწული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს დიეტას, განსაკუთრებით, სწრაფ დიეტებს. უმჯობესია, ჩამოაყალიბოს დიეტოლოგების დახმარებით სწორი კვების სისტემა.

თუ თვლით, რომ გახდომა გჭირდებათ, მაშინ გირჩევთ ფაფებზე დაფუძნებული დიეტების დაცვას. ნუ შეაჩერებთ არჩევანს მკაცრ და ნახევრად მშიერ დიეტებზე. ამით მხოლოდ კუჭ-ნაწლავს ავნებთ.
განტვირთვისთვის ხელსაყრელია ოთხშაბათი.

დიეტა ქალწულებისთვის (1 დღის რაციონი):

საუზმე: ა) 35 გრ ქატოს ბურბუშელა რძით, 1 ბანანი, 1 ნაჭერი ქატოს პურის ტოსტი ჯემით, 1 ჭიქა დიეტური იოგურტი.

ბ) ტოსტი მოხარშული კვერცხით, 2 ნაჭერი ქატოს პური, 2 ს/კ რბილი ყველი, 1 პომიდორი და 1 ვაშლი.

სადილი: 2 ნაჭერი კარგად შემწვარი ხორცი, ღუმელში გამომცხვარი პომიდორი, სხვადასხვა ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა ლიმონის წვენით.

ვახშამი: ა) 150 გრ გრილზე მომზადებული თევზი, 1 ცალი ქატოს ფუნთუშა.

ბ) 75 გრ მოხარშული უცხიმო ხორცი და მწვანე ფერის ბოსტნეული.

სასწორი ( 23 სექტემბერი-23 ოქტომბერი)

გარეგნულად სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანები ენერგიულად გამოიყურებიან და ძლიერები ჩანან, თუმცა ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ საჭიროა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც სწორი კვების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

რეკომენდებული პროდუქტებია: ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, A და E ვიტამინის შემცველი მარცვლეული კულტურები, მცენარეული ზეთი.

ბოსტნეულიდან - სალათები, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა და ყაბაყი; ხილიდან კი - ატამი, ყურძენი, მსხალი და ვაშლი უნდა მიირთვას რეგულარულად.

სასწორს გახდომაში ვეგეტარიანული კვება დაეხმარება. სწრაფი შედეგის მიღწევა კეფირის, ბანანის და საზამთროს დიეტითაა შესაძლებელი.
განტვირთვისთვის ხელსაყრელი დღე სასწორისთვის პარასკევია.

სასწორისთვის განკუთვნილი დიეტის ერთი დღის მენიუ:

საუზმე: ა) ქატოს პურის ტოსტი, 1 ბანანი, 2 ს/კ რბილი ყველი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.

ბ) სასმელი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთად ათქვიფეთ 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, 1 ჭიქა ანანასის წვენი და 1 კვერცხი.

სადილი: ა) ქატოს ფუნთუშა, 1 ვაშლი ან ფორთოხალი და 50 გრ უცხიმო ლორი ან მოხარშული ქათმის ხორცი.

ბ) 2 ქატოს პურის ტოსტი, 125 გრ მოხარშული ლობიო ან სპაგეტი, ღუმელში გამომცხვარი პომიდორი, მწვანე ფერის ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა და 1 ბანანი.

ვახშამი: ა) ნესვის პატარა ნაჭერი, 75 გრ საქონლის უცხიმო ხორცი ან 125 გრ გრილზე მომზადებული თევზი, 250 გრ მოხარშული კარტოფილი, 2 ს/კ რბილი ყველი;

ბ) 250 გრ გრილზე მომზადებული ქათმის ხორცი, მწვანე ლობიო, სტაფილო და შემწვარი (გამომცხვარი) ვაშლი.

მორიელი (24 ოქტომბერი-22 ნოემბერი)

ღრიანკალი ძალიან სიცოცხლისუნარიანი ნიშანია. მისი პრობლემა ისაა, რომ დღის განმავლობაში შეუძლია მადა აკონტროლოს, მაგრამ საღამოს შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს. სწორედ თავშეუკავებლობა ხდება ხშირად ღრიანკალის სიმსუქნის მიზეზი. 

ღრიანკალისთვის რეკომენდებული პროდუქტია: ნაკლებად ცხიმიანი ხორცეული, ზღვის პროდუქტები და თევზის დელიკატესები.

ბოსტნეულიდან - კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, გოგრა, ბოლოკი;

ზოდიაქოს ამ ნიშნისათვის აუცილებელია B, C და E ვიტამინებისა და რკინის შემცველი პროდუქტები, როგორებიც არის ვაშლი და ციტრუსი.

ღრიანკალმა გასახდომად უპირატესობა ისეთ დიეტას უნდა მიანიჭოს, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ნახშირწყლების რაოდენობა.

ღრიანკალისთვის შესაფერისი დიეტა (1 დღის მენიუ):

დილის 8 საათზე: ბურბუშელა რძით და 1 ვაშლი ან მსხალი;

10.30 - უხორცო სუპი, ქატოს ფუნთუშა და 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი;

13.00 - 250 გრ გრილზე მომზადებული ქათმის ხორცი (ტყავგაცლილი), ბოსტნეულის სალათა და 1 ვაშლი.

16.30 - 2 ხრაშუნა პური 12 გრამ დაბალკალორიულ რბილ ყველთან ერთად და რამოდენიმე ყურძნის მარცვალი;

19.00 -125 გრ რამშტექსი, 75 გრ მოხარშული კარტოფილი და ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა.

22.00 -1 ჭიქა ცხელი შოკოლადი

მშვილდოსანი (23 ნოემბერი-21 დეკემბერი)

მშვილდოსნებს ძალიან უყვართ გემრიელი კერძების მირთმევა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძირითადად, ცხიმიანი და ცხარე კერძებით იკვებებიან. 

მშვილდოსნებისთვის რეკომენდებული პროდუქტებია: პარკოსნები, ბარდა, ლობიო, რძის ნაწარმი. ბოსტნეულიდან - კიტრი, კომბოსტო, ჭინჭარი და ასევე, ყველა სახეობის მწვანილეული; ხილიდან - ინდისხურმა (ფინიკი), მანგო, ატამი, გარგარი და ვაშლი.

წონის დაკლებაში მშვილდოსნებს ფაფისა და სხვადასხვა ბოსტნეულის დიეტები დაეხმარებათ; ამათგან ეფექტურია მწვანე ბარდის დიეტა. განტვირთვისთვის იდეალური დღე ხუთშაბათია.

მშვილდოსნებისთვის შედგენილი დიეტის ერთი დღის მენიუ:

საუზმე: ა) 35 გრ მოხარშული ლობიო, ქატოს პურის ტოსტი და ერთი საშუალო ზომის ვაშლი;

ბ) 25 გრ წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, ნახევარი ჭიქა ცხიმგაცლილი რძე, 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი.

სადილი: ა) 75 გრ ყველის სენდვიჩი (ქატოს პურის ნაჭერი), კიტრი და 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი;

ბ) 125 გრ ბოსტნეულის ასორტი, 50 გრ მოხარშული ქათმის მჭლე ხორცი (ცივად) და 1 ბანანი.

ვახშამი: 200 გრ მოხარშული ქათმის ხორცი, 2 ს/კ მოხარშული ბრინჯი და სხვადასხვა ბოსტნეულისგან მომზადებული სალათის დიდი ულუფა.

თხის რქა (22 დეკემბერი-20 იანვარი)

თხის რქა არ გამოირჩევა რკინის ჯანმრთელობით, თუმცა საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება განვლოს. პირველ ყოვლისა, თხის რქამ ყურადღება უნდა მიაქციოს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, რომელიც მუდმივ სტიმულაციას საჭიროებს.

განსაკუთრებით რეკომენდებულია: ბურღულეული, კეფირი და ხაჭო. ბოსტნეულიდან -ჭარხალი, ბადრიჯანი და სტაფილო, ხოლო ხილიდან - მარწყვი, ალუბალი, ბალი, კომში და ნესვი. კარგი იქნება, თუ თხის რქა მენიუში თაფლსაც შეიტანს.

წონაში დასაკლებად ამ ნიშნისთვის განსაკუთრებით ეფექტურია სხვადასხვა დაბალკალორიული დიეტა: წიწიბურას, ვაშლის, კეფირის დიეტა (დიეტის მთავარი კომპონენტის არჩევა გემოვნების საკითხია).

კარგი შედეგი მოაქვს თხის რქისათვის კომპლექსური ღონისძიებების გატარებას (დიეტის პარალელურად ვარჯიში, მასაჟი).
განტვირთვისთვის კარგი დღეა -ორშაბათი

დიეტა თხის რქისათვის:

საუზმე: ა) 25 გრ ბურბუშელა რძით, 1 ვაშლი ან მსხალი.
ბ) 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, ნახევარი ჭიქა რომელიმე ხილის წვენი და 1 ფორთოხალი.

სადილი: ა) 2 ნაჭერი ქატოს პური, ბოსტნეულის სალათი, 2 ს/კ რბილი სახეობის ყველი და 12 გრ დაბალკალორიული ყველი.

ბ) 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, 1 მაგრად მოხარშული კვერცხი ან 1 ქათმის ბარკალი (მომზადებული გრილზე), 2 ხრაშუნა პური და ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 250 გრ მოხარშული ქათმის ხორცი, სხვადასხვა ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა ან მხოლოდ მწვანე ფერის ბოსტნეული.

ახლა კი ერთი სასიამოვნო ინფორმავია: შაბათ-კვირას შეგიძლიათ თავი სხვადასხვა გემრიელი საკვებით გაინებივროთ და შეზღუდვებს არ დაემორჩილოთ ( პიცა, მწვადი, გნებავთ - შაურმა), გიტოვებთ არჩევანის უფლებას!

მერწყული (21 იანვარი-18 თებერვალი)

მერწყულის მენიუში უნდა იყოს დიდი რაოდენობით ხილი (ბროწეული, ვაშლი, კომში, ქლიავი, ნესვი) და ბოსტნეული (ყაბაყი, ლობიო, ისპანახი, ჭარხალი, ბადრიჯანი), რძის ნაწარმი (სასურველია კეფირი), ბურღულეული ( განსაკუთრებით მარგებელია წიწიბურა). განტვირთვისთვის პოზიტიური დღე - შაბათია.

ერთი დღის დიეტის მენიუ მერწყულებისთვის:

საუზმე: 75 გრ მოხარშული საქონლის ხორცი, 75 გრ მოხარშული კარტოფილი, უმი კომბოსტოს 1-2 ფურცელი და 1 სტაფილო.

სადილი: 150 გრ გრილზე მომზადებული თევზი, 150 გრ მოხარშული კარტოფილი, 2 ს/კ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები და ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი: 125 გრ ცხვრის მოხარშული უცხიმო ხორცი, მწვანე ლობიო და 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი.

თევზები (19 თებერვალი-20 მარტი)

თევზებს ვურჩევთ მიირთვან უმი ბოსტნეული სალათების სახით; ასევე, ხორბლის, ბრინჯის, წიწიბურასა და ჩენჩოგაცლილი ქერისგან (ანუ როგორც მას უწოდებენ - პერლოვკისგან) მომზადებული ფაფები. თევზების რაციონში აუცილებელია იყოს ზღვის პროდუქტი.
ხილიდან რეკომენდებულია: ვაშლი, ყურძენი და ბროწეული.

მათთვის სასარგებლოა ნიგვზის, მზესუმზირას და ქიშმიშის მიღება.
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის წონაში დასაკლებად მიზანშეწონილია სხვადასხვა დაბალკალორიული მონო-დიეტები - ბანანის, ვაშლის, ყურძნისა და სხვა. თევზების განტვირთვისათვის პოზიტიური დღე - ხუთშაბათია.

დიეტის ერთი დღის მენიუ თევზებისათვის:

საუზმე: შვრიის ფაფა, ნახევარი მწვანე ვაშლი და 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.

სადილი: შვრიის ფაფა თაფლით და ერთი ჭიქა ცხიმგაცლილი იოგურტი ან კეფირი.

ვახშამი: წყალზე მოხარშული შვრიის ფაფა, 1 ჭიქა ცხიმგაცლილი რძე ან კეფირი და ნახევარი მწვანე ვაშლი.