ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, გათვალულთა შელოცვა ... - როგორ „მკურნალობდნენ“ წინაპრები

შელოცვა

შელოცვა არის რელიგიური ან სულიერი რიტუალი, რომელსაც კლასიკური გაგებით დემონებისა და სულების განსადევნად იყენებენ. აგრეთვე მას მიმართავენ ადამიანის წყევლისგან გასათავისუფლებლად. პირს, რომელიც ახორციელებს შელოცვას, ძველ კულტურაში ეგზორცისტი ეწოდებოდა და ხშირად იყო ეკლესიის წევრი, ან დაჯილდოებული სპეციალური თვისებებითა და ძალით. თუმცა მოგვიანებით მიჩნეულ იქნა, რომ შელოცვების შესრულება ყველა ადამიანს შეუძლია.

ჩვენ დღეს გაგაცნობთ იმ სამკურნალო შელოცვებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ადამიანთა ფიზიკური თუ სულიერი გაჯანსაღებისთვის. გახსოვდეთ, როგორც სხვა ნებისმიერ საქმეში, აქაც წამყვანი რწმენა და სიყვარულია.

გათვალულთა შელოცვა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასას, თვალის ღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასას;

თვალბოზისა, თვალქურდისა, თვალამპარტავანისასა; წითელწვერა კაცისა, შავწვერა კაცისა,

ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა.

გარევიდა ღობესა, მეიშალა ღონესა; გააღო კარი, ავარდა ფხარი. მოკვდა კლდეშავი.

გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი.

სა მიხვალ, შე შავო კაცო?— წმინდა მთავარანგელოზმა უბრძანა.

-მე მივალ ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად

-არა, მამაძემასულმა არ გაგიშვას ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.

ჩაგაგდებ ქვაბსა კარვალისა, შემოგკიდებ ცეცხლსა ნამთისასას.

დაგწვავ ამ (იტყვიან სახელს) გამთვალავს 365 წელიწადს!

დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ, 112-მა ხატმა-ჯვარმა გააქროს,

გააწყალოს შენი გლახა თვალით შემხედავი, გლახა სულით შემხედავი, გლახა გულით შემხედავი.

გევიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე. მეითხარა ორი ძირი ბალი, წამოუვარდა ორი კაკალი თვალი.

ასკილი, ღოღო-მაყვალი, დამპალი გველი და ბაყაყი, გახურებული კერია გულზე ტენია,

სამი კოდი ხვიერო გულზე ასვია, სამი კოდი ღვიერო გულზე აყრია მის გულსა და მუცელს,

რამა კაცმა და ქალმა ჩემი (სახელი) გათვალა!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ამ შელოცვის დროს ხელში ეჭირათ შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრიდნენ პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირს შუბლზე ჯვრის სახით აცხებდნენ. მიღებული იყო შელოცვა პურის ნაჭერზეც, თუ გამოსალოცი შორს იმყოფებოდა (შელოცვილი პურის ნაჭერს გაუგზავნიდნენ და შეაჭმევდნენ). კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „პაციენტი“ ნამდვილად გათვალული იყო და შელოცვამაც გაჭრა, არგოო.

ბედის გახსნის შელოცვა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3 – ჯერ)

ბედო, ბედო ბედისაო,
შემოგყურებთ გულითაო.
აღირსე და მოუყვანე
შესაფერი სულითაო,
ფერითა და გულითაო.
ატიტი და მატიტი,
სამშვენი და სათითი,
ბედ-იღბალი გაიხსნება
სიყვარული დაიწყება
და ოჯახი შეიქმნება,
ნაშიერი მომრავლდება,
სოფელ-ქალაქ გამრავლდება,
ბედო, ბედო ბედითაო.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, / შეეწიე მადლი შენი, / მოუხდინე ლოცვა ჩემი, / ბრძანებაა ღვთის და / ლოცვა არის ჩემი! (3 – ჯერ).

ბედის გახსნის შელოცვისას შუბლზე ჯვრის სახით წაუსვამდნენ ნახშირს.

 შელოცვა კანის დაავადებების დროს

(სირსვილი — კანის დაავადება, იგივე მუნი, მღერი)

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3 — ჯერ)

სირსვილი ხნავდა ყანასა,

ნაფუძველსა და ჭალასა,

გელი გეება ხარადა,

გველი — აპოურადა.

გახტა მგელი,

გაწყდა გველი,

სირსვილს ამოუვარდა

ფესვი და ძირი!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3 — ჯერ).

სირსვილის გამოლოცვის ბოლოს ნატკენ ადგილს ქათმის ქონს სამჯერ მოუსვამდნენ.