ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
პური ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელსაც ადამიანები წონის დაკლებისა და ჯანსაღ კვებაზე გადასვლის დროს რაციონიდან ხშირად იღებენ. რამდენად აუცილებელია პურზე სრულად უარის თქმა და ნამდვილად არის თუ არა გლუტენი ყველასთვის საზიანო?
ამ საკითხზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ გამოყენებითი მეცნიერების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნუგზარ ჯოგლიძემ ისაუბრა.
პროფესორის თქმით, მოსაზრება, თითქოს სწორი კვების დროს პური აუცილებლად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, მცდარია. მისი თქმით, პურის შეფასება მხოლოდ ნახშირწყლების შემცველობით არ უნდა ხდებოდეს.
ნუგზარ ჯოგლიძემ ყურადღება ფქვილის წარმოების ტექნოლოგიაზეც გაამახვილა. მისი განმარტებით, მარცვლის სხვადასხვა ფრაქციად დაყოფის შედეგად მიიღება სხვადასხვა ტიპის ფქვილი, მათ შორის თეთრი, რუხი და უფრო მუქი ფქვილი, ხოლო ცალკე რჩება ქატო.
მისივე თქმით, განსხვავებული ტექნოლოგიაა მთლიანი მარცვლის დაფქვა.
„არის მეორე ტექნოლოგია, როდესაც ხორბალს მთლიანად ფქვავენ - ამას ცეხვილი ფქვილი ჰქვია. ცეხვილი ფქვილი შეიცავს ყველა იმ ვიტამინს, ამინომჟავას, ცილასა და ნახშირწყალს, რაც მარცვალშია“,- განმარტა პროფესორმა.
„ყველანაირ შებერილობასა და დისკომფორტს გლუტენს აბრალებენ“
გადაცემაში საუბარი ასევე შეეხო გლუტენს - ცილას, რომელიც ხორბლისა და ზოგიერთი სხვა მარცვლეულის შემადგენლობაში შედის.
პროფესორის შეფასებით, გლუტენის მიმართ არსებული შიში ხშირად გადაჭარბებულია და მისი რაციონიდან გამორიცხვა ყველა ადამიანისთვის აუცილებელი არ არის.
„ისიც არასწორია, როდესაც გლუტენზე საუბრისას ამბობენ, რომ გლუტენი მავნებელია და ამით მომხმარებელს აშინებენ. გლუტენი ერთ-ერთი ცილაა. გარდა ამისა, იმის მიხედვითაც, თუ რამდენ პროცენტ გლუტენს შეიცავს ფქვილი, ფასდება პურის ხარისხი“,- განაცხადა ნუგზარ ჯოგლიძემ.
მისივე თქმით, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ყველა დისკომფორტის გლუტენისთვის დაბრალება სწორი არ არის.
„ყველანაირ შებერილობასა და დისკომფორტს გლუტენს აბრალებენ. ეს სწორი არ არის, რადგან შებერილობა ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს“,- აღნიშნა პროფესორმა.