ზვიად შალამბერიძე: IRI-ის კვლევა ჩვენთვის კარგია, რადგან ამ ორგანიზაციას მსგავსი დიდი რეიტინგი „ქართული ოცნებისთვის“ ჯერ არ მიუნიჭებია

ზვიად შალამბერიძე

ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ნულისკენ მიდის, ეს მდგომარეობა ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან ჩვენ ჯანსაღი ოპოზიცია გვჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, IRI-ის კვლევა ალოკაციის გარეშე ჩატარდა, ალოკაციით კი “ქართულ ოცნებას” გაცილებით მაღალი რეიტინგი ექნებოდა.

“ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩვენი რეიტინგი შემცირებულია. წინასაარჩევნოდ, ყოველთვის, ჩვენი რეიტინგი დაახლოებით 5%-ით კიდევ იზრდება. დღეისათვის ის რეიტინგი, რაც ამ კვლევაშია, ჩვენთვის კარგია, რადგან ამ ორგანიზაციას მსგავსი დიდი რეიტინგი „ქართული ოცნებისთვის“ ჯერ არ მიუნიჭებია.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან არავის მხრიდან არ მომისმენია, რომ ეს სიცრუეა ან თითქოს მეტი რეიტინგი აქვთ. ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ნულისკენ მიდის. ამ კვლევამაც აჩვენა, რომ ისინი ჩამოსულები არიან თითო პროცენტამდე. დარწმუნებული ვარ, ვიდრე არჩევნები მოვა, ისინი საერთოდ განულდებიან. ქვეყნის გარეთ სირბილს სჯობს, ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობასთან ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია. შეიძლება, ნახევარი პროცენტი მომატებოდათ. მათ აღარანაირი რესურსი არ აქვთ, რომ საკუთარი რეიტინგი 2028 წლისთვის 1-2 პროცენტამდე აიყვანონ ან თუნდაც ბარიერი გადალახონ. ხელისუფლებას ოპოზიციის ეს მდგომარეობა არ აწყობს, რადგან ჩვენ ჯანსაღი ოპოზიცია გვჭირდება. ისეთი, რომელიც პირველ რიგში ბარიერს გადალახავს, პარლამენტში შევა და ჯანსაღი პოლემიკა გვექნება”, – განაცხადა შალამბერიძემ.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

✕