ზურაბიშვილი შეეცადა, საქართველოს ნაკრების თამაშის წინ აპოლიტიკური საკითხი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ექცია, შესაძლოა, მეტიც გააკეთოს და შემოგვთავაზოს, რომ ნაკრებიც დააკომპლექტოს პრეზიდენტმა - დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

სალომე ზურაბიშვილი შეეცადა, აპოლიტიკური საკითხი საქართველოს ნაკრების თამაშის წინ პოლიტიკურ ბრძოლის იარაღად ექცია. ეს მიუღებელია, მაგრამ მისგან მიუღებელი გადაწყვეტილება არაერთი მოგვისმენია, თუმცა ვფიქრობ, შესაძლოა, მან იმაზე მეტიც გააკეთოს, ვიდრე განაცხადი გააკეთა და შემოგვთავაზოს, რომ ნაკრებიც დააკომპლექტოს პრეზიდენტმა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძემ უპასუხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სიიდან სალომე ზურაბიშვილმა ნაწილს ჯილდო არ გადასცა.

ხუნდაძის შეფასებით, აპოლიტიკურო საკითხის პოლიტიზება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება.

„პოლარიზაციის სათავეში დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი შეირჩა და ის ასრულებს დაკვეთებს, საკუთარ გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი. ჩვენ ეს არა ერთხელ ვნახეთ. ეს არის ერის პოზიტიური სამიზნე – ყველა, პოლიტიკური მრწამსის, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, იქნება ტელევიზორთან, რათა თვალყური ადევნოს საქართველოს ნაკრების თამაშს, რომელსაც მანამდე უკვე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა. ყველა ველოდებით და მათი გამარჯვება იქნება საქართველოს გამარჯვების ტოლფასი. ასე რომ, მისი პოლიტიზება და რაიმე პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით საკითხების წამოჭრა არის არასერიოზული და ამავდროულად, მავნებლობაც“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეს არის მათი დაკვეთაა, ვინც ცდილობდა ქვეყანაში ხელისუფლება რევოლუციური პროცესებით შეეცვალა და ვინც ცდილობს, რომ გონებამიხდილი და სულწასული ოპოზიცია რამენაირად გამოაცოცხლოს, მისი მისი რეაბილიტაცია მოახდინოს.

„ვინც ფიქრობს, რომ დესტრუქციის გზით მისაღწევია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გარე დაკვეთით დალაგება, რომ გამჭვირვალობას ჯობია გაუმჭვირვალობა. ასე რომ, გამოკვეთილია მისი პოზიცია, მისი მხარე და ნებისმიერ შეხვედრებშიც კი, მისი ელექტორატი არის ცალმხრივად წარმოდგენილი, რაც მეტყველებს თავად პრეზიდენტის ცალმხრივობაზე და არა ის, რომ ის პოლიტიკური არბიტრია ქვეყანაში. მისი პოზიციაა, რომ არის აპოლიტიკური და ყველას პრეზიდენტი, ის არ არის ყველას პრეზიდენტი, დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერია“, – აღნიშნა ხუნდაძემ.