ზურაბიშვილი ქართველ ხალხთან შევიდა წინააღმდეგობაში, დღეს უკვე ვადაგასული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა „ნაცმოძრაობასთან“, ამას მნიშვნელობა არ აქვს - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილი, პირდაპირი გაგებით, ქართველ ხალხთან შევიდა წინააღმდეგობაში. დღეს უკვე ვადაგასული, აბსოლუტურად ამორტიზებული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან ახლოს მყოფ „ნაცმოძრაობასთან“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა სრული აბსურდი და უტოპიაა.

„საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ ეს აგენტურული და ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე, ქართველთა ხელით შესასრულებელი გეგმები და წიაღსვლები ჩავარდა. ეს წინააღმდეგობის პლატფორმა თუ რაც, სრული აბსურდი და უტოპიაა. მეორე მხრივ, მის წინააღმდეგობაში ზურაბიშვილია. მან ეს პლატფორმა დიდი ხანია, შექმნა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველოს ფორმალურად პრეზიდენტად ყოფნის დროს. ის, პირდაპირი გაგებით, ქართველ ხალხთან წინააღმდეგობაში შევიდა. იმ ხალხთან, ვინც ის აირჩია. ეს წინააღმდეგობა იმდენად ნათელი და ხაზგასასმელად აშკარა იყო, რომ კითხვის ნიშანი არავის გასჩენია. დღეს უკვე ვადაგასული, აბსოლუტურად ამორტიზებული პოლიტიკოსი რა პლატფორმებს შექმნის, გაერთიანდება თუ არა საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან ახლოს მყოფ „ნაცმოძრაობასთან“, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.