1734811100
ზურა გირჩი ჯაფარიძის მუქარებიც ნანახი გვაქვს და უმსგავსო სცენებიც - რადიკალებს არც პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ, არც რეალობის კონკრეტულად დანახვა და წარმატების რესურსიც ამოწურული აქვთ - დავით მათიკაშვილი
"ვერავინ დაიმალება, არავის სიჩუმე დაგვავიწყდება" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ეს ფეისბუქპოსტი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა.
მმართველ გუნდში მუქარასა და ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობენ, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმ ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც დღეს ჩუმადაა, კარგად ესმის, საით მიდის ქვეყანა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის პოსტი ღია მუქარაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ.
"მუქარაა ყველა იმ ადამიანისადმი, რომელსაც დღეს შეიძლება ჰქონდეს მათგან განსხვავებული მოსაზრება - თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, რა შეიძლება ელოდეთ ამ ადამიანებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ზნეს არ იცვლიან. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რა მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს, მაინც იგივე პოლიტიკის გატარების მოსურვეები არიან და ჩვენ ეს პოლიტიკა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე. სწორედ ამ ადამიანების ხელში შეიქმნა, მაგალითად პენიტენციურ დაწესებულებაში წამების სისტემა, ოღონდ ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს შეფასება", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის მუქარა ახალი არ არის.
"ზურა გირჩი ჯაფარიძის მუქარები ნანახი გვაქვს, უმსგავსო სცენებიც ნანახი გვაქვს, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების კონკრეტულ მავთულხლართებთან. ეს ყველაფერი ერთ რაღაცაზე მეტყველებს, რომ ამ რადიკალებს არც პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ, არც რეალობის კონკრეტულად დანახვა და არც იმის საქმე, რომ მათი წარმატების რესურსი არის ამოწურული. მათი წარმატება, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ომში ჩართვას, ცეცხლის დანთებასა და უბედურებას ნიშნავს, ვერ განხორციელდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.