მარტვილში, სოფელ სალხინოში ძლიერი ხანძარია - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1742236954
"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ბოლოდროინდელი ქმედებები და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის მიუღებელი, რაც ბუნებრივიც გახლავთ, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალება," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში ლიდერის როლი ჰქონდა, ამიტომაც პასუხისმგებელი პროცესებსა და მოლოდინებზე, რომელიც არსებობს.
"ზოგადად, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ყოველთვის არსებობდა ძალიან ბევრი ფუნდამენტური განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობაში." ჩვენ არ გვაქვს პრობლემა მასთან თანამშრომლობის, ამიტომაც მივდივართ ხოლმე მასთან შეხვედრებზე, მაგრამ უნდა იყოს ქმედითი ეს ყველაფერი. ამაზე არის საუბარი, იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ლოდინით. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ლიდერის როლი ამ პროცესში, ამიტომაც ლიდერი არის ხოლმე პასუხისმგებელი იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს. ეს მოლოდინები, რაც არსებობდა, ამაზეა საუბარი. ერთიანობაზე მუდმივი საუბრის ნაცვლად, უნდა შექმნილიყო რეალური ერთიანობა, ამის მაგივრად ვხედავდით შერჩევით მიდგომებს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ლევან ხაბეიშვილის და თინა ბოკუჩავას შემდეგ, მწვავე განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია. "რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?" - აცხადებს სანიკიძე. გუშინ კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს ზურაბიშვილის აზრი და ის აღარ არის პრეზიდენტი.
ეს შეფასებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას. ასე არ ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ვერ მალავენ ბრაზს ვერც იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა.