საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელოვნური რუსოფობიის შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ წერის გამოეხმაურა.
როგორც ფილოსოფოსი წერს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება არავის სურდა. უფრო მეტიც, ვაშინგტონმა მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვაც კი დაიწყო.
„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთ საგულისხმო საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია კითხვა, რომელიც, თავადაც პრემიერ-მინისტრმაც შესანიშნავად იცის, რომ რიტორიკულია.
ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის, ანუ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რუსეთმა საქართველოში დაატრიალეს, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა - ჰილარი კლინტომა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი, რითაც მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზად იყვნენ.
თავად განსაჯეთ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევით, აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, „მსოფლიო პოლიციელმა“, ისევე, როგორც მთელმა ევროპამ, რუსეთს ეს ყველაფერი „გაუპრავა“, რაც, როგორც მოგვიანებით თავად ევროპელები აღნიშნავდნენ, უდიდესი შეცდომა იყო.
მარტივად რომ ვთქვათ, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუხედავად, საერთო ჯამში, რუსეთს ფაქტობრივად არაფერი დაჰკლებია, დაკლებია კი არა, პროცესები ისე განვითარდა, ეს ყველაფერი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული.
ამიტომაც, აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას რუსეთისთვის სულ სხვა პარტია ჰქონდა გამზადებული, ანუ მაშინ ჯერ კიდევ საჭირო იყო ამ სახელმწიფოსთვის „ნორმალური“ სახის შენარჩუნება.
დღეს კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სრულიად საპირისპირო სურათს ვხედავთ - რუსეთი ცივილიზებული საზოგადოებისგან ფაქტობრივად სრულადაა მოკვეთილი.
ბუნებრივია, ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს და იმ საერთო გეგმის ერთი დიდი ფრაგმენტია, რის განხორციელებასაც ოლიგარქიული ოჯახების ამოსავალი წერტილია.
ჩემს წერილებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამ ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“, თუ გლობალური ომის პარტიის მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შერყევა და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა არა ერთადერთი - პარალელურად გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები.
თუკი რუსეთ-უკრაინის ომს ავიღებთ მაგალითად, ცხადად დავინახავთ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში წინასწარ მომზადებული პროცესების შედეგია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ხელისუფლება და უშუალოდ პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ აშკარა გავლენას განიცდის. რასაკვირველია, წინასწარ მომზადებული პროცესის ნაწილი იყო ამ ომში ევროპის ჩართვაც - ვხედავთ, რომ ევროპა მაქსიმალურად ეხმარება უკრაინას, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში, უკრაინასთან ერთად, ევროპელებიც უშუალოდ ჩაერთონ ომში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოულოდნელად არ მომხდარა - უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, საკუთარი პროპაგანდით და ზეწოლის მთელი რიგი სხვა ინსტრუმენტებით „დიფ სთეითმა“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსოფობია უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა, რითაც ევროპელებს ჩაუკეტეს წვდომა რუსულ გაზსა და ნავთობზე, ანუ იაფ ენერგორესურსებზე. მეტიც, ამ პროპაგანდის შედეგად დადგა მოცემულობა, რომ ევროპელებს აღარც რუსი ტურისტების მიღება სურთ და ლამის დოსტოევსკიც აკრძალონ. ეს ყველაფერი კი იმაზე დიდ მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს შეიძლება მავანს წარმოედგინოს - რუსულ, იაფ ენერგორესურსებზე წვდომის შეზღუდვით „დიფ სთეითმა“ შეძლო როგორც რუსეთის, ისე ევროპის ეკონომიკის დასუსტება, შესაბამისად, ამ უკანასკნელს სხვა გზას აღარ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომ პირდაპირ ჩაერთოს ომში.
სწორედ აქ უნდა ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო რუსოფობიის წამლეკავი ტალღა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ დაიწყო ის სწორედ ახლა. ფაქტია, რომ ამ დონის ნარატივის გასავრცელებლად და დასამკვიდრებლად „დიფ სთეითისთვის“ საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენები საკმარისი მასშტაბის არ იყო. ომი რამდენიმე დღეში დასრულდა და არც მისი ექო იყო ისეთი ხმაურიანი, როგორც 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან „დიფ სთეითისვე“ ძალისხმევით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მთელი კონტინენტი მოიცვა.
ანუ, უკრაინის ომი საკმარისი მასშტაბისა აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსოფობია ევროპაში უპრეცედენტო დონეზე ასულიყო და ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან დაპირისპირებაში ეტაპობრივად ჩართულიყვნენ.
რასაკვირველია, ვერც ამ წერილში ავუვლით გვერდს საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას. როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს უცხოელმა ჩინოვნიკმა პირდაპირ განუცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო, თუკი რუსეთთან ახალი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო სამ დღეზე მეტხანს ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან სამი დღის შემდეგ საქართველოს პარტიზანულ ომზე შეეძლო გადასვლა, ხოლო ე.წ. მეგობრები „კონსერვებით“ მოგვამარაგებდნენ.
რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ 2022 წელს, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა „დიფ სთეითის“ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საქართველო არ უნდა ატარებდეს სუვერენულ პოლიტიკას, შესაბამისად, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც არ მოქმედებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების დავალებით, უნდა დაინგრეს საქართველო, რომელიც ინარჩუნებს სუვერენიტეტს, ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს, უნდა დაინგრეს საქართველო, რომლის ეკონომიკაც წინ მიდის! უნდა დაინგრეს ისე, ან უარესად, როგორც ევროპა ინგრევა დღეს და დაინგრევა ხვალ!
დღეის მდგომარეობით, გლობალური ომის პარტია ძალთა დაბალანსებას ცდილობს - უკრაინა რუსეთისთვის სერიოზულ გამოწვევად აქციეს, თუმცა რუსეთი, რომელსაც გაცილებით უფრო სერიოზული სამხედრო რესურსი და პოტენციალი აქვს, მას ჯერჯერობით არ იყენებს. რა თქმა უნდა, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ეს პოლიტიკა კონფლიქტის გახანგრძლივებისა და მისი მასშტაბების ზრდისკენაა მიმართული, რაც, საბოლოოდ მთელი კონტინენტის კატასტროფული ეკონომიკური გამოფიტვით უნდა დასრულდეს, რისი ნიშნებიც როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში აშკარად ჩანს.
ვისაც ამაში იოტისოდენა ეჭვი მაინც ეპარება, შეხედოს უკრაინის ეკონომიკას, რომელიც აღარ არსებობს, შეხედოს იმას, თუ რა ხდება რუსეთში ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით და რა ხდება ევროკავშირის ერთ დროს მოწინავე ეკონომიკაში.
თუკი პროცესები ასე გაგრძელდა, რეგიონში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, მოსახლეობის ცხოვრების დონე დაეცემა და ქვეყნები უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
სწორედ ასეთ პირობებში დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ ტრადიციულმა პოლიტიკურმა ელიტებმა „თავისი მოჭამეს“, რადგან ვერ შეძლეს სახელმწიფოების ეფექტიანი მართვა, ამიტომაც საჭიროა ქვეყნებმა და საზოგადოებებმა მმართველობის არსებული მოდელის შეცვლაზე იფიქრონ. ამ კონტექსტში გამოჩნდებიან მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები, მაგალითად BlackRock-ის ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც „პასუხისმგებლობას“ საკუთარ თავზე აიღებენ. ისინი საჩვენებლად შეარჩევენ ერთ, ან ორ შესაბამის ქვეყანას და საკუთარი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, დროის მოკლე მონაკვეთში, ამ ქვეყნებს „ოაზისად“ აქცევენ. ამ ყველაფრის შემხედვარე კი უკვე არაერთი სახელმწიფო ჩადგება კორპორაციული მმართველობის სისტემაზე გადასვლის მსურველთა რიგში, რითაც „დიფ სთეითი“ მიაღწევს კიდეც საბოლოო მიზანს.
საბოლოო ჯამში მივალთ მოცემულობამდე, რაც არის კიდეც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანი - სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და მისი კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც აქტიურად იყენებენ.
საუბარი მაქვს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული სოციალური ნორმების შესუსტებასა და წაშლაზე. ამ თვალსაზრისით „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი მათ მიერ ფართოდ დანერგილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ პროპაგანდაა, რომლის მიხედვითაც ადამიანმა არათუ იდენტობა, არამედ სქესიც კი უნდა დაკარგოს. ამ მიდგომით მოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც სამშობლოს ცნება, რელიგია, წარსულის პატივისცემა და ეროვნული იდენტობა მოსახლეობისთვის მთავარი ღირებულებებია, შესაბამისად, მათი განადგურების გარეშე „დიფ სთეითისთვის“ ფონს გასვლა უბრალოდ შეუძლებელია.
ამგვარად, სწორედ ასეთია პასუხი პრემიერ-მინისტრის მთავარ კითხვაზე, რომელიც, გავიმეორებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ თავადაც იცის, რომ რიტორიკული იყო“, - წერს შათირიშვილი.